ლარის გაუფასურება

2009 წელს, როცა რუსთაველი საკნებით იყო გადაკეტილი, ლარი დოლართან მყარდებოდა

საკნების ქალაქი
რადიო თავისუფლება

მთავრობის მაღალჩინოსნები ცდილობენ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება რუსთაველზე მიმდინარე აქციებს გადააბრალონ. პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 26 ივლისს განაცხადა, რომ ბოლო თვეების მანძილზე "ავანტიურისტებმა გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს დადებითი დინამიკა, რაც ჩვენ გვქონდა ეკონომიკაში, ეს გაჩერებულიყო და გამხდარიყო დიდი ნეგატივის წყარო."

რუსთაველის გამზირზე ხანგრძლივი მანიფესტაციები პირველად არ მიმდინარეობს. 2009 წლის 9 აპრილს და მომდევნო დღეებში, ოპოზიციამ პარლამენტის წინ მსხვილმასშტაბიანი დემონსტრაცია გამართა. 21 აპრილს დემონსტრანტებმა რუსთაველი საკნებით გადაკეტეს - "საკნების ქალაქის" იდეას იქამდე გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი" აჟღერებდა. მომდევნო სამი თვის მანძილზე რუსთაველის გამზირზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იყო, თანდათან გაჩნდა სანიტარიასთან დაკავშირებული პრობლემებიც. საბოლოოდ, საკნები პოლიციამ 22 ივლისს აიღო აშშ-ს მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თბილისში ჩამოსვლამდე.

9 აპრილს, როცა გამოსვლები დაიწყო, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 1.69 ლარი იყო. მომდევნო დღეებში ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გამყარდა და თვის ბოლოს დოლარი 1.65 ლარი ღირდა.

26 მაისისთვის, როცა რუსთაველის საკნებით გადაკეტვიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 1.64 ლარამდე დაეცა. საბოლოოდ, როცა 22 ივლისს პოლიციამ რუსთაველის გამზირი საკნებისგან გაწმინდა და მოძრაობა აღდგა, დოლარის ღირებულება 1.6657 ლარს შეადგენდა.

მოცემულ გრაფიკზე შეგიძლიათ იხილოთ, როგორი იყო ლარის კურსი დოლართან მიმართებით გადაკეტილი რუსთაველის პარალელურად:

ათი წლის შემდეგ

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ლარმა გაუფასურება დაიწყო. თუ 2012 წლის შემოდგომაზე ერთი აშშ დოლარის ღირებულება 1.65 ლარი იყო, 2019 წლის მაისისთვის კურსი 2.80-ზე ავიდა.

20 ივნისს, სანამ ხელისუფლება რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციას დაარბევდა, დოლარი ოფიციალური კურსით 2.79 ლარი ღირდა. მას შემდეგ ეროვნულ ვალუტას გაუფასურების ტრენდი აქვს და დღევანდელი მდგომარეობით ისტორიულ მინიმუმზეა - ერთი აშშ დოლარი ახლა 2.93 ლარი ღირს.

გრაფიკზე შეგიძლიათ იხილოთ, როგორ უფასურდება ლარი 2019 წლის ზაფხულში:

ნახეთ ტაბულას ინტერვიუ ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილთან ლარის გაუფასურების მიზეზებსა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე.

 

 

კომენტარები