ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება

კემულარია: ოქრუაშვილის დაპატიმრება არის პოლიტიკური რეპრესია

ტაბულა

"ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება არის ივანიშვილის ხელისუფლების მიერ რუსული საოკუპაციო ძალის პარლამენტში დასმით გამოწვეული პოლიტიკური რეპრესია" - თქვა  "გამარჯვებული საქართველოს" წევრმა კოტე კემულარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

კემულარიას შეფასებით, ოქრუაშვილის დაკავების მიზეზი რუსთავი 2-ის საქმე გახდა.

"მიტინგიდან ერთი თვის განმავლობაში, მიუხედავად სასამართლოში დაკითხვისა, ირაკლი ოქრუაშვილი არ ყოფილა დაკავებული. ის დააპატიმრეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ დამოუკიდებელი ტელევიზია "რუსთავი 2"-ის აქციების ასი პროცენტი ეკუთვნის სწორედ მას და ეს ფაქტი დადასტურებულია პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნით. ქართული საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების საფუძველი არის მისი მკვეთრი პოლიტიკური განცხადებები და ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი ტელევიზია რუსთავი 2-ის დახურვის სურვილი.დღეს მამუკა ბახტაძემ პირდაპირ თქვა ირაკლი ოქრუაშვილზე, თურმე არსებობს რაღაც კადრები, რომ ყველაფერი ნათელია, ის სწორად არის დაპატიმრებული და სახელმწიფოს მეთაურმა პირდაპირ უკარნახა გამოძიებას როგორ უნდა მოიქცეს. ეს არის სირცხვილი, ეს არის თავის მოჭრა სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფოს მეთაური ასე იქცევა" - ამბობს კოტე კემულარია.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით გუშინ, 25 ივლისს, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ირაკლი ოქრუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

კომენტარები