20-21 ივნისის აქციის დაშლა

20 ივნისის საქმეზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ბიოლოგი ბეჟან ლორთქიფანიძეა

National Geographic

20 ივნისის აქციის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დღეს, 25 ივლისს დაკავებული 4 ადამიანიდან ერთ-ერთი საველე ბიოლოგი, ველური ბუნების მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძეა

ლორთქიფანიძემ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოტი ბეგი საიმობილიზაციო პრეპარატით უსაფრთხოდ დააძინა. National Geographic​-ში იმავე წელს გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ლორთქიფანიძემდე​ ჰიპოპოტამს აღნიშნული პრეპარატი რამდენჯერმე უშედეგოდ ესროლეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის 20 ივნისის ღამის აქციის საქმის გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით ირაკლი ოქრუაშვილი და სხვა 4 მოქალაქე დააკავეს. 

უწყება ბეჟან ლორთქიფანიძეზე აცხადებს: 

"1975 წელს დაბადებული ბ. ლ.გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას".

მთლიანობაში, ამ გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე 17 ადამიანია დაკავებული. 

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. დაშავდა 38 ჟურნალისტი. ზოგიერთ მოქალაქეს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

კომენტარები