თბილისის მერია

შესაძლოა, რეგიონებიდან წამოსულმა ტრანსპორტმა მგზავრები თბილისის შემოსასვლელთან ჩამოსვას

ფრანგული კომპანია "სისტრას" რეკომენდაციაა, სხვა ქალაქებიდან შემოსულმა ტრანსპორტმა მგზავრები თბილისის შემოსასვლელთან ჩამოსვას. ამის შესახებ "სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა ასმათ აბესაძემ ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში თქვა. სწორედ ეს კომპანია ატარებს კვლევას და ამზადებს რეკომენდაციებს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ. დედაქალაქის ახალ სატრანსპორტო ქსელზე გადართვა 2021 წლის ზაფხულიდან იგეგმება. სისტრა მერიას კვლევას ნოემბრის ბოლოს გადასცემს.

"ჩვენი, ხაზს ვუსვამ - ჩვენი ჯგუფის რეკომენდაციაა სხვა ქალაქებიდან შემოსულმა მგზავრმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალურად დადგენილ სადგურებზე დაასრულოს მგზავრობა და იქედან გააგრძელოს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თბილისის მერიასთან უნდა იყოს შეთანხმებული მარშრუტი, სად ჩამოსვამს მძღოლი ბათუმიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან თუ სხვა ქალაქიდან შემოსულ მგზავრს. მგზავრობა უნდა დასრულდეს ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში.

მძღოლს მთელი ქალაქის გამოვლა აღარ მოუწევს და მგზავრს თბილისის შემოსასვლელთან დატოვებს, დადგენილ სატერმინალო სადგურთან. ამის შემდეგ მგზავრი თბილისის ტარიფით იმგზავრებს უშუალოდ თბილისში. თანხობრივად არაფერი იცვლება. მგზავრმა კეთილი უნდა ინებოს, ჩამოვიდეს ამ სატრანსპორტო საშუალებიდან და გადმოჯდეს თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში. სატერმინალო სადგურები მეტროსთან იქნება მიბმული, მოეწყობა სერიოზული სამგზავრო ჰაბები. ჩვენ თუ დავტოვეთ ქაოსი ქალაქში, რომელსაც შექმნის საქართველოს ნებისმიერი სხვა ქალაქიდან ჩამოსული ტრანსპორტი, ასე არაფერი გამოვა. ქაღალდზე საქალაქთაშორისო მიმოსვლა თითქოს დარეგულირებულია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, მაგრამ რეალურად რეგულაციები არ მოქმედებს. სხვა ქალაქებიდან შემოსული ტრანსპორტის გამართულობა და ხარისხი არ რეგულირდება. სატვირთო ავტომობილი რომ გგონია, შეიხედავ და მგზავრები უზის. სამწუხაროდ, თბილისის მუნიციპალიტეტს არ აქვს ამაზე ზემოქმედების ბერკეტები, რადგან ეს არის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს რეგულირების სფერო" - ამბობს ასმათ აბესაძე.

კომენტარები