უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

თადუმაძე ჯანეზაშვილს: თქვენზე კარგად ვიცნობ სასამართლო სისტემას, თქვენზე მაგარი იურისტი ვარ

პალიტრა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობის კანდიდატია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს კითხვის და რეპლიკის პასუხად უთხრა, რომ ის მასზე უკეთესი იურისტია და სასამართლო სისტემასაც უკეთ იცნობს. 

კამათი სასამართლო სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მასში სასამართლო სისტემის რისკებზე შესახებ წამოჭრილ საკითხს მოჰყვა. აღმოჩნდა რომ თადუმაძეს სტრატეგია წაკითხული არ აქვს. 

ნაზი ჯანეზაშვილი: სასამართლო სისტემის განვითარების სტრატეგიაში, თუ გაეცნობით, ერთ-ერთი მიმართულება არის დამოუკიდებლობა და ქვე-მიმართულებებში დასახელებულია არაერთი რისკი, მათ შორის, რისკები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნისა და კარიერული წინსვლის სისტემის არაეფექტიანობიდან გამომდინარე. რისკები გამომდინარე მენეჯმენტის ხარვეზიდან, რისკები, დაკავშირებული უფლებამოსილების ვადასთან

ამ დოკუმენტში თქვენ რომ ჩაიხედოთ და კარგი იქნებოდა, ჩაგეხედათ, სად არის სასამართლო სისტემა ამ ეტაპზე, გეცოდინებოდათ

შალვა თადუმაძე: მაგაზე ნუ ვიდავებთ, ქალბატონო ნაზი, სასამართლო სისტემა რა ეტაპზეა, მე თქვენზე კარგად ვიცი. ჩვენ შორის ვინ უფრო იცნობს სასამართლო სისტემას, მე უფრო კარგად ვიცნობ. მე საერთოდ არ ვიმეცადინე, მე აქ არ მოვსულვარ ნამეცადინები იურისტი, მე აქ მოვედი იმ გამოცდილებით, რაც წლების განმავლობაში დავაგროვე და არ ვაპირებ ახლა საბჭოს წევრებისგან მივიღო შენიშვნები, რა უნდა წამეკითხა და არა. თუ გაინტერესებთ, მე და თქვენ შორის ვინ უფრო მაგარი იურისტია, მე ვარ მაგარი იურისტი. თი გაინტერესებთ, სასამართლო სისტემას ვინ უფრო იცნობს, მე უფრო ვიცნობ, იმიტომ რომ საპროცესო საქმიანობას ვახორციელებდი, რეფორმების ნაწილში ვმუშაობდი და მომავალშიც საპროცესო საქმიანობას ვახორციელებ. ეს არ არის ის კატეგორია, რომლითაც საბჭოს წევრი გასაუბრების კანდიდატს უნდა ელაპარაკოს. მე არ ვარ სტუდენტი და აქ ჩათვლის წასაღებად არ მოვედი. 

ნაზი ჯანეზაშვილი: თქვენი აზრი მაინტერესებდა, ბატონო შალვა, სასამართლო სისტემის განვითარებაზე.

შალვა თადუმაძე: სასამართლო სისტემის განვითარება ფურცელზე არ ხდება. სტრატეგია წაკითხული მაქვს თუ არა, კიდე ერთი საკითხია, მაგრამ ფურცელზე არ ხდება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა ხდება განცდაში, რომელიც გააჩნია თითოეულ მოსამართლეს საქმის განხილვის დროს და პასუხისმგებლობა, რომელსაც საქმის განხილვის შემდეგ ამ საქმეზე იღებს, როგორც კორპუსის და სახელმწიფოს, ისე სამართლიანობის წინაშე. ამიტომ ამაზე ნუ ვისაუბრებთ იმაზე, ვინ რა წაიკითხა. თქვენ წაგიკითხავთ მთავრობის იმდენი დადგენილება, რამდენიც მე? 

ნაზი ჯანეზაშვილი: მთავრობაში მოვდივარ მე, ბატონო შალვა? საჩხუბრად მოხვედით? 

შალვა თადუმაძე:მითითებთ, რა უნდა წავიკითხო. 

ნაზი ჯანეზაშვილი: ძალიან დიდი თანამდებობაზე გაქვთ პრეტენზია, ბატონო შალვა და საზოგადოება გიყურებთ. ეს კითხვა დაგისვით იმის გამო, რომ თქვენ თქვით, არასწორია, სასამართლო თვითონ საუბრობდეს კორუფციის რისკებზეო. სასამართლო სისტემაში არის ძალიან ბევრი რისკი, რომელზეც საუბარი არის სტრატეგიაში და თუ ეს არ იცით და არ გინახავთ, მე გითხარით, რომ კარგი იქნებოდა, ეს გენახათ და ჩენ გვესაუბრა დეტალურად. 

შალვა თადუმაძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დილის 10 საათიდან უსმენს. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. 

22 ივლისს საბჭომ გამოკითხა თადუმაძის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე, რომელსაც ასევე სურს უზენაეს სასამართლოს უვადო მოსამართლეობა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 10 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს. 

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ. 

კომენტარები