აშშ-ირანი

ირანი ირწმუნება, რომ CIA-ს 17 აგენტი დააკავა და რამდენიმეს სიკვდილით დასჯა ემუქრება

ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს 17 აგენტი დააკავეს და ზოგიერთ მათგანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

ტელევიზიამ მათი ფოტოებიც გაავრცელა. მათი თქმით აგენტების დაკავება 2019 მარტამდე ერთი წლის განმავლობაში მოხდა.

ამერიკულ მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა უკანასკნელი თვეების მანძილზე განსაკუთრებით დაიძაბა.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული წლის მაისში მიიღო გადაწყვეტილება 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ და ქვეყანას სანქციები ხელახლა დაუწესა, ირანულმა მხარემაც განაცხადა, რომ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებენ და ურანის გამდიდრებას აგრძელებენ.

მიმდინარე წლის მაისში კი ტრამპმა ირანს სანქციები გაუმკაცრა და სპარსეთის ყურეში ავიამზიდი და ბომბდამშენები გაგზავნა.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ ირანს ადანაშაულებს. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

20 ივნისს ირანმა ჰორმუზის სრუტის თავზე აშშ-ის სამხედრო დრონი ჩამოაგდო. მათი თქმით დრონი ირანის საჰაერო სივრცეს არღვევდა, თუმცა აშშ-ში ირწმუნებიან, რომ ის საერთაშორისო წყლების თავზე დაფრინავდა და თავდასხმების შემდეგ ტანკერებს აკვირდებოდა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დრონის ჩამოგდების საპასუხოდ ირანზე სარაკეტო იერიშს განიხილავდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და სანაცვლოდ კიბერ თავდასხმა განხორციელდა.

ამის შემდეგ აშშ-მა ირანულ დრონი ჩამოაგდო, რასაც ირანი ამ დრომდე არ ადასტურებს.

4 ივლისს გიბრალტარმა ბრიტანული ძალების დახმარებით ირანული ნავთობტაკნერი დააკავა, რომელიც, მათი თქმით, სირიისათვის დაწესებულ სანქციებს არღვევდა.

ამის საპასუხოდ გასულ კვირას ირანმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობტანკერი დააკავა.

ამავდროულად, აშშ-ის ფლოტის გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა თქვა, რომ ქვეყანას სურს საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შექმნა, რათა ირანისა და იემენის მიმდებარე წყლები და თავისუფალი გადაადგილება დაიცვას.

მისი თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან, რომლებსაც პოლიტიკური ნება აქვთ და გეგმას მხარს უჭერენ.

კომენტარები