სახალხო დამცველი

ლომჯარია: ამ კვირაში დაიწყება პოლიციის მაღალი დონის მმართველი რგოლის გამოკითხვები

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, პროკურატურამ პირველადი საგამოძიებო ქმედებების ფარგლებში გამოკითხა 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის დაზარალებულები, ჟურნალისტები და პოლიციელები. მისი თქმით, ამ კვირაში დაიწყება მმართველი რგოლის გამოკითხვები. ლომჯარაის რეკომენდაციით, გამოძიება არ უნდა კონცენტრირდეს ინდივიდუალური პოლიციელების უფლებამოსილების გადამეტების გამოძიებაზე, არამედ  მთავარი ამოსავალი და აქცენტი გამოძიების უნდა იყოს მთელი სურათი, თუ როგორ, რა ვითარებაში გამოიყენა ძალა პოლიციამ და რამდენად შეესაბამებოდა ძალის ეს გამოყენება საქართველოს კანონმდებლობას.

"თითქმის ერთი თვეა, რაც მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში, სადაც ჩვენ ვართ ჩართულები საზედამხედველო ფუნქციით. საქმე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების შესწავლას. გვაქვს სრული წვდომა მასალაზე, დაახლოებით 11 ვიზიტი განვახორციელეთ პროკურატურაში და ვეცნობით ყოველდღიურ რეჟიმში საგამოძიებო მასალებს. 

რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას გამოძიებაში, ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დაახლოებით 10 ტომის მასალის საქმის შესწავლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოკითხული არის 300-ზე მეტი ადამიანი.  პირველადი გამოკითხვები ჩატარდა დაზარალებული პირების. მათ ვისაც ჰქონდათ ფიზიკური დაზიანებები, ასევე გამოკითხულია ორმოცდაათამდე ჟურნალისტი და 45-ზე მეტი პოლიციელი და როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ამ კვირაში დაიწყება უფრო მაღალი დონის მმართველი რგოლის გამოკითხვები, ანუ პოლიციის შემადგენლობაში მყოფი ეგრედ წოდებული მენეჯმენტის რგოლის გამოკითხვები. გარდა ამისა, დანიშნული არის სამედიცინო ექსპერტიზები, ამოღებული არის მტკიცებულებები, ტყვიები, ასევე დაწყებულია გაშიფვრა და მნიშვნელოვანი ნაწილი გაშიფრული არის ყველა იმ ვიდეოჩანაწერის, მათ შორის როგორც მედიით გასული ინფორმაციის ასევე კერძო თუ საჯარო ობიექტებზე არსებული ვიდეოჩანაწერები იქნა ამოღებული.

ჩვენი მთავარი რეკომენდაცია რაც ამ მასალის გაცნობის შედეგად არის ის, რომ რა თქმა უნდა, გამოძიება არ უნდა კონცენტრირდეს მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევების გამოძიებაზე. ანუ კონკრეტულად იდივიდუალურად რომელიღაც პოლიციელმა როგორ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და უნდა იქნეს შესწავლილი, თუმცა ალბათ მთავარი ამოსავალი და აქცენტი გამოძიების უნდა იყოს დაიხატოს მთელი სურათი, თუ როგორ, რა ვითარებაში გამოიყენა ძალა პოლიციამ და რამდენად შეესაბამებოდა ძალის ეს გამოყენება იმ არსებულ ინსტრუქციებს თუ საკანონმდებლო რეგულაციებს, რაც არსებობს დღეს საქართველოში.

განსაკუთრებული აქცენტი სწორედ უნდა განხორციელდეს იმაზე, როგორ დაიგეგმა ოპერაცია, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს რა ბრძანებები იქნა გაცემული, ვინ იყო ამ ბრძანებების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, რამდენად სწორად იქნა გაცემული ეს ბრძანებები, როგორი ინსტრუქცია ჰქონდა იქ მყოფ სპეცრაზმის წარმომადგენლებს, ეს არის მთავარი ამოსავალი, უნდა იყოს ამოსავალი წერტილი გამოძიების და შემდეგ რა თქმა უნდა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა პოლიციელების არის მნიშვნელოვანი. "- ამბობს ლომჯარაია.

კომენტარები