გახარია: აუცილებელია გამოძიებამ გამოყოს ორგანიზატორები, რომელთა მოწოდებებს ძალადობა მოჰყვა

შსს

გიორგი გახარიას თქმით, აუცილებელია, გამოძიებამ ერთმნიშვნელოვნად გამოყოს ყველა ის ორგანიზატორი, რომელთა კონკრეტულ მოწოდებებსაც "ორგანიზებული ძალადობა და პარლამენტის შენობის შტურმი მოჰყვა". 

გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ გააკეთა. 

მან თქვა: 

"მოდით ასე შევთანხმდეთ, დღეს, შინაგან საქმეა სამინისტროს, ჩემი პირადად და მთავრობის ძირითადი საზრუნავი არის ამ ღონისძიების დროს - ძალადობრივი, უკანონო აქციის შეწყვეტის დროს დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა. ეს არის დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი, რასაც ვაკეთებთ.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოძიება რომელიც მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოყოს ყველა ის 
ორგანიზატორი, რომელმაც პირდაპირი მოწოდებით - პოლიტიკოსებმა, კონკრეტულმა ადამიანებმა, მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი, რასაც შემდგომ მოყვა ორგანიზებული, ძალადობრივი, სისტემური შტურმი საქართველოს პარლამენტზე და ამ შტურმის მოსაგერიებლად საქართველოს პოლიცია იყო იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენთვის, დღეს, ყველაზე 
მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ვიზრუნოთ, ჩვენს მოქალაქეებზე და შემდგომ, გამოძიების თითოეული დეტალი გახდეს ღია და საჯარო ჩვენი მოქალაქეებისთვის  და ბოლომდე მივიყვანოთ ორივე ეს საქმე.

მე როგორც ერთხელ აღვნიშნე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რამდენჯერაც დამიბარებენ და რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ მოვალ, იმიტომ რომ მე არ მაქვს და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გვაქვს არანაირი პრობლემა, იმიტომ რომ კარგად ვიცით სად არის სიმართლე და ჩვენ აქ მოვდივართ და ამ 
სიმართლეს ვეუბნებით.“ - თქვა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის მოხდა ბიძინა ივანიშვილის ინფორმირება მომხდარის შესახებ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეს მოხდა მეორე დღეს.

"მან დამირეკა მეორე დღეს და მე ავუხსენი რა მოხდა იმ ღამეს“.- თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.  

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო მოქალაქეები უკვე 28-ე დღეა, საპროტესტო აქციებს მართავენ და გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. 

20-21 ივნისის ღამის ქრონოლოგია ნახეთ აქ

26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა პროკურატურას უფლება მისცა, ნიკა მელიას დაპატიმრება მოეთხოვა. საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოწმეებზე ზეწოლის, დანაშაულის განმეორების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხის მოტივით ითხოვდა. 

ნიკა მელიას მმართველი გუნდი და მათგან გამომდინარე, პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ შეუფარდეს, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური. 

შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, მათ შორის არის ნიკა მელია, ასევე ძალის გადამეტების ბრალდებით, დაკავებულია შსს-ს ორი თანამშრომელი და აქციის 9 მონაწილე. 

კომენტარები