დასავლეთ ევროპა

ბერლინის მერიამ კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე 670 ბინა კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა

prezi.com

ბერლინის მერიამ კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე, 670 საცხოვრებელი ბინა კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian ავრცელებს. სახელმწიფომ ბინების გამოსყიდვის გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების საპასუხოდ მიიღო. 2018 წლის ნოემბრიდან ბერლინის მოსახლეობა ქალაქში საცხოვრებელი ფართის ქირისა და უძრავ ქონებაზე მზარდ ფასებს აპროტესტებდა.

ბერლინის მერიამ სულ სამი კორპუსი გამოისყიდა, რომელიც აღმოსავლეთ ბერლინში 1950-იან წლებში აშენდა. სოციალისტური წყობის დროს აშენებული კორპუსები ფრიდრიხშაინის უბანში, ქალაქის მთავარ ბულვართან ახლოს, პრესტიჟულ საცხოვრებლად იყო ჩაფიქრებული. 

კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების ირგვლივ მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, მფლობელი კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ. ბინების აწ უკვე ყოფილი კერძო მფლობელი კომპანია, Predac-ისგან ამ საკუთრების გამოსყიდვას გერმანიის უმსხვილესი კერძო დეველოპერული კომპანია, Deutsche Wohnen აპირებდა. 

კერძო სახლებიდან გადმოფენილი საპროტესტო ბანერები
ფოტო: Odd Andersen/AFP/Getty Images

ამ ინფორმაციის გავრცელებას, მოსახლოების ორგანიზებული პროტესტი მოყვა. მოსახლეობა გარიგების შედეგად ბინებზე და ქირაზე ფასის მოსალოდნელ ზრდას აპროტესტდა. მოსახლეობა მერიისგან შესაძლო გარიგების დაბლოკვას ითხოვდა. რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ, გასულ ორშაბათს ბერლინის მერიამ დაადასტურა, რომ გარიგება ორ კომპანიას შორის არ შედგებოდა. 670 ახალი ბინის მფლობელი კი, სახელმწიფო სამშენებლო კომპანია Gewobag გახდა.

გარიგების ზუსტი საფასური ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა საბაზრო ფასებიდან გამომდინარე საუბარია, დაახლოებით, 100 მილიონ ევროზე. გარიგებას გამოეხმაურა ბერლინის მერიც. მიხაელ მიულერმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი იმ სახელმწიო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც 1990-იან წლებში მასობრივი პრივატიზაციის შედეგად ქალაქში უძრავი ქონების ბაზრის მოწესრიგებას ითვალისწინებს.

"ბერლინში ბოლო წლების განმავლობაში უძრავი ქონების ფასები და ქირა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბერლინელებს უნდა ქონდეთ ქალაქში ცხოვრების შესაძლებლობა, სწორედ ამიტომ მერია შეიძენს უძრავ ქონებას ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში, რათა ქალაქს ქონდეს კონტროლიხ მექანიზმი საკუთარ უძრავ ქონებაზე",— განაცხადა, ბერლინის მერმა.

 

კომენტარები