ჭიაბერაშვილი: წელს ჯანდაცვის სამინისტრომ წამლების პროგრამის 20 მილიონიდან 2.5 აითვისა

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც შშმ პირებს, პენსიონრებსა და სოციალურად დაუცველებს 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა ერთ ლარად შეეძლებათ.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ "მედიკამენტების პროგრამა 2019 წელსაც ისევე,
როგორც 2017 და 2018 წელს, პრაქტიკულად, ქაღალდზე რჩება." დეპუტატის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ გასულექვსნახევარ თვეში პროგრამაზე გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან მხოლოდ 2.5 მილიონი ლარი აითვისა.

ამასთან, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2018 წელს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 10 მილიონი ლარიდან მოქალაქეებამდე მხოლოდ 1.7 მილიონი ლარის წამალი მივიდა იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შარშან 8 მილიონი ლარის წამალი შეიძინა.

მისი თქმით, თუ პროგრამის ამოქმედებამდე მინისტრი სერგეენკოს დაპირებით პროგრამით 200 ათასი მოქალაქე ისარგებლებდა, სინამდვილეში მხოლოდ 32 669-მა შეძლო მისი გამოყენება.

"სავალალოა, რომ პრემიერმა ბახტაძემ პროგრამით განსაზღვრული
მედიკამენტების რაოდენობაც არასწორად დაასახელა. დღეს მოქმედი
ჩამონათვალით პროგრამაში არა 35, არამედ 41 წამალია," - თქვა ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ოღონდ ამისათვის საყოველთაო ჯანდაცვის
პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება.
ასეთ შემთხვევაში ასიათასობით გაჭირვებული მოქალაქის ხელმისაწვდომობა
წამლებზე გაიზრდება.

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის 16 ივლისის სხდომამდე განაცხადა, რომ დღეიდან პენსიონრებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი პირები 35 დასახელების წამლის ერთ ლარად შეძენას შეძლებენ.

მედიკამენტები ექვსი ქრონიკული დაავადებისას გამოიყენება, ესენია: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავდებები.

კომენტარები