სუს: დავაკავეთ პირი, რომელიც ქვეყნის გავლით რუსეთში ბირთვული მასალის გადატანას ცდილობდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველო-სომხეთის საზღვარზე დაკავებულია პირი, რომელიც ქვეყნის გავლით რუსეთში ბირთვული მასალის გადატანას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, დაკავებული სომხეთის მოქალაქეა. გამოძიება რადიაციის აღმომჩენი პორტალის მიერ დაფიქსირებული განგაშის საფუძველზე რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებული სატვირთო მიკროავტობუსით 4 ფუთაში დაფასოებული ნივთიერება "თორიუმის" გადატანას ცდილობდა.  

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში საქართველო-სომხეთის საზღვრის „სადახლო“-ს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რადიაციის აღმომჩენი პორტალის მიერ დაფიქსირებული განგაშის საფუძველზე რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო მიკროავტობუსით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში 4 ფუთაში დაფასოებული ნივთიერება „თორიუმის" გადატანის მცდელობას.

ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ აღნიშნული ფუთების საერთო წონაა 71,63 კგ და ისინი შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპს "თორიუმ 232", რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოსხივების დოზის სიმძლავრე ფუთების ზედაპირზე შეადგენდა 18-მდე მიკროზივერტს/სთ. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური უსაფრთხო სიმძლავრე წარმოადგენს 0,5 მკზტ/სთ. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. გამოძიების პროცესში დაკავებული იქნა ამოღებული ტვირთის მფლობელი, სომხეთის მოქალაქე მილიტოს მ, რომელსაც ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა,"-ნათქვამია სუსის განცხადებაში.  

გამოძიება 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით (რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობა და გადაზიდვა) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები