ახალციხე

ახალციხის მერის კომპანიები ახალციხეში ტენდერებს იგებენ

ზაზა მელიქიძე
guardian.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს გამოძიების მიხედვით, ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძისა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მელიქიძის მერად არჩევის შემდეგ 29-იდან 15 ტენდერი მოიგეს და შესყიდვებიდან მიღებული თანხები 124 793-დან 546 044 ლარამდე გაეზარდათ.

კომპანიები, რომლებმაც ახალციხის მუნიციპალიტეტიდან 524 902 ლარი მიიღეს, მელიქიძის მერად არჩევამდე ახალციხეში ტენდერებში არ მონაწილეობდნენ.

მას შემდეგ, რაც ზაზა მელიქიძე 2017 წელს ახალციხის მერი გახდა, მის კუთვნილ კომპანიებში დირექტორებად მელიქიძის ცოლის და და ცოლის ძმა დაინიშნენ, მისი ყოფილი ფინანსური მენეჯერი კი მერიაში გადავიდა პირველ მოადგილედ.

აღსანიშნავია, რომ იმის შემდეგ, რაც მელიქიძე 2014 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გახდა, ოთხი კუთვნილი კომპანიიდან ორში მას წილი არ დაუთმია და დღემდე რჩება 100%-იანი წილის მმართველად. თავის მხრივ, ეს "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტს არღვევს.

მელიქიძის ბიზნესიდან საჯარო სამსახურში გადანაცვლების შემდეგ გაიზარდა მასთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მიღებული გამარტივებული შესყიდვებიც. სანამ მელიქიძე გამგებელი გახდებოდა, 2010-14 წლებში, მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 12 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს, აქედან ახალციხიდან მხოლოდ ორი. მას შემდეგ რაც ის გამგებლად აირჩიეს, ამ კომპანიებმა 21 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს, აქედან კი 11 ახალციხის მუნიციპალიტეტიდან.

საინტერესოა ისიც, რომ ზაზა მელიქიძეს ქართული ოცნებისთვის ფული არასდროს შეუწირავს, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისა. მელიქიძემ ენმ-ს 2012 წლის ივლისში 50 ათასი ლარი შესწირა.

 

კომენტარები