გახარიას განცხადება ელჩებზე

ზალკალიანი: გერმანიის ელჩი მახსოვს და იყვნენ მგონი კიდევ სხვებიც, რომლებიც თავისით მივიდნენ

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ახსოვს, რომ 20 ივნისის აქციის დარბევის ღამეს პარლამენტში გერმანიის ელჩი იყო და "იყვნენ მგონი სხვა ელჩებიც".  

ზალკალიანის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ელჩების მობილიზება არ მოუხდენია და ისინი საკუთარი ნებით მივიდნენ ადგილზე, რათა სიტუაციას გასცნობოდნენ.  

"20 ივნისს სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლებოდა და სიტუაციის განვითარების მიხედვით ბუნებრივია ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს ჰქონდათ ინტერესი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩვენ აქ არაფერი გასაკვირი არ არის რომ მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა მათი ინფორმირების კუთხით. მათ აქვთ საკუთარი წყაროებიც. ბუნებრივია, ინფორმირებული იყვნენ საკუთარი წყაროებიდანაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მაგრამ ჩვენი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გახლავთ რომ მათ მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩვენ ამას ვაკეთებდით. აქ საუბარი არ არის ფიზიკურ მობილიზაციაზე, რომ ჩვენ ვთქვათ ფიზიკურად იქ მივიყვანეთ. იქ რამდენიმე ელჩი მივიდა. გერმანიის ელჩი მახსოვს და იყვნენ მგონი კიდევ სხვა ელჩებიც, რომლებიც თავისით მივიდნენ და იქ ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. აქ არაფერი გასაკვირი არ არის და ეს ჩვეულებრივი პროცესი არის,"-თქვა ზალკალიანმა.  

გიორგი გახარიამ გუშინ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რომ "გავრილოვის ღამეს" პარლამენტში მასთან ერთად ელჩები იყვნენ და დარბევის პროცესს აკვირდებოდნენ. მოგვიანებით, სამინისტრომ ახალი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ელჩების ფიზიკური მობილიზება არ ყოფილა, თუმცა მათთან ინტენსიური კომუნიკაცია იყო. 

20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში ყოფნას არ ადასტურებენ: აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, დიდი ბრიტანეთის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, საფრანგეთის ელჩი, უკრაინის ელჩი.

კომენტარები