ქარდავა, სანიკიძე, დეკანოიძე და ღლონტი შსს-ში არ მივლენ, ისინი მაგისტრ მოსამართლეს ითხოვენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

ოპოზიციონერი ლიდერები ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, ირაკლი ღლონტი და გუბაზ სანიკიძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე არ მივლენ. ისინი ამბობენ, რომ ყველა კითხვაზე გასცემენ პასუხს, ოღონდ სასამართლო დარბაზში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.

"ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს სასამართლო დარბაზში მაგისტრანტ მოსამართლესთან, თუმცა რა კითხვები უნდა ჰქონდეთ გუშინწინ გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც ოპოზიციის ლიდერები შედიოდნენ კორდონში, როცა დაიწყეს მხუთავი გაზის სროლა და რეზინის ტყვიების სროლა. შესაბამიასად, ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს რომ პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ", - ამბობს ხატია დეკანოიძე რუსთავი 2-თან.

გუბაზ სანიკიძე კი აღნიშნავს, რომ ამას ელოდა, რადგან "როცა ქვეყანას მართავენ მოღალატეები", პატრიოტების ციხეში სხედან.

"გადასარევია, ველოდებოდი ამას დიდი სასოებით. იმიტომ, რომ როცა ქვეყანას მართავენ მოღალატეები, მაშინ პატრიოტები ციხეში უნდა ვისხდეთ. ადამიანებს, რომლებიც ვცდილობდით როგორმე დაგვეშორიშორებინა ერთმანეთისთვის დაპირისპირებული მხარეები, არ მომხდარიყო უფრო მძიმე შედეგები, პირიქით ჩვენ გვაბრალებენ", - თქვა სანიკიძემ რუსთავი 2-თან.

20 ივნისის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერები ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, ირაკლი ღლონტი და გუბაზ სანიკიძე გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს. მათ შსს-ში დღეს, 12:00 საათზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხვაზე ელოდებიან.

225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. სწორედ ამ და 315-ე (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) მუხლებით მიმდინარეობს 20-21 ივნისის ღამეზე გამოძიება.

კომენტარები