რუსთავი 2-ის საქმე

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. 

2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, პანორამას მიაკუთვნა. 

ამის შემდეგ რუსთავი 2-მა სტრასბურგის სასამართლოს 3 მუხლის დარღვევის გამო მიმართა: 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება და საკუთრების უფლება.

სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს იმას, თუ რამდენად ნეიტრალური და ობიექტური იყო მხარეთა თანასწორობა საქართველოს სასამართლოებში, რამდენად დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული რუსთავი 2-ის მიერ. 

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში იგულისხმება ის, რომ საქართველოში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოებში მიმდინარე დავა მიზნად ისახავდა მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, მისი საქმიანობის შეფერხებას. 

საკუთრების უფლება გულისხმობს იმას, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელ მესაკუთრეებს უკანონოდ წაართვეს ტელეკომპანია. ამასთან, რუსთავი 2-ს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა იდგა მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესი. 

მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-მა საქმე უზენაეს სასამართლოში წააგო, ევროსასამართლომ 39-ე მუხლის საფუძველზე, რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 3 მარტს დროებით, 2017 წლის 8 მარტამდე შეაჩერა. 7 მარტს კი სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 

რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტო იყო. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს იყო განსაკუთრებული ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

კომენტარები