პროპუტინური და ძალადობრივი ჯგუფები

ფალავანდიშვილი: დაშლა გვინდა, მიზანი პრაიდის არჩატარება იყო, დეოკუპაცია მე არ მაინტერესებს

ტაბულა

პროპუტინური ძალების ერთერთი ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ პარლამენტის წინ დგომის მიზანს ვეღარ ხედავს.

ფალავანდიშვილის თქმით, აქციის სხვა მონაწილეები რუსთაველის გამზირზე რომც დარჩნენ, ის წასვლას მაინც აპირებს, რადგან მისი თქმით, მიზანი ის იყო, რომ თბილისი პრაიდი არ ჩატარებულიყო (რომელიც ჩატარდა) და დეოკუპაციის საკითხი მას არ აინტერესებს. 

"დაშლა გვინდა, აქ დგომა არ ყოფილა ჩვენ მიზანი, ჩვენი მიზანი შესრულებულია, პრაიდი არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს. შეიძლება, ზოგი დარჩეს, ზოგს პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს, ჩემზე გულიანი კაცი იყოს. ვფიქრობ, ზედმეტია, არ არის საჭირო. მე ალბათ წავალ. შეიძლება ბიძინას სახლთან გადავიდეთ, რათა არ შევუშალოთ ხელი დეოკუპაციის აქციას" - თქვა გურამ ფალავანდიშვილმა. 

8 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქციის "სირცხვილია" მე-19 დღე უნდა ყოფილიყო, თუმცა პროპუტინურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების მისვლამდე რამდენიმე საათით ადრე დაიკვეს პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია. 

აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ისინი თბილისი პრაიდის მიერ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებდნენ, თუმცა სანამ ისინი რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ, ღირსების მარში ვარკეთილში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შუშის შენობასთან ჩატარდა. მიუხედავად ამისა, პროპუტინური მოძრაობა დაშლას მაინც არ აპირებდა. 

ნელნელა რუსთაველის გამზირზე აქციის "სირცხვილია" მონაწილეებიც მოგროვდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მათ შორის ყვითელი ავტობუსები და პოლიციის კორდონი ჩააყენა. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს მშვიდობიანი მანიფესტაციის საშუალება არ მიეცათ. ძალადობრივი დაჯგუფებები ამ დრომდე პარლამენტის წინ არიან შეკრებილები. აღსანიშნავია, რომ ღამით მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და რამდენიმე ათეულ ადამიანს ითვლიდა, თუმცა რუსთაველის გამზირი შსს-მ ხელოვნურად გადაკეტა. 

კომენტარები