ტაბულას მძღოლის გატაცება

ჩერგოლეიშვილი: მითხრეს, რომ ტაბულას მძღოლს 15 წუთში გამოუშვებდნენ, 15 წუთი უკვე გავიდა

თამარ ჩერგოლეიშვილი
თეორემა/ტაბულა

ტაბულას დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის, თქმით, ტაბულას მძღოლი დათო ჭეიშვილი, რომელიც საპატრულო პოლიციამ აქციის აპარატურის მანქანაში ქონისთვის დააკავა, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სამმართველოში ჰყავთ გადაყვანილი. 

ჩერგოლეიშვილის თქმით, მას სამმართველოში უთხრეს, რომ ჭეიშვილს 15 წუთში გამოუშვებდნენ, თუმცა ეს დრო უკვე გავიდა. 

"ორი საათის განმავლობაში ტაბულას მძღოლი და მისი მგზავრები დაპატიმრებული ყავდათ მანქანაში. არ აძლევდნენ დარეკვის საშუალებას. მგზავრები ვიპოვე სევასტოპოლზე. დათო ჭეიშვილის (ტაბულას მძღოლის) საპოვნელად მენტებმა გამაგზავნეს ვარკეთილში, ცენტრალურ შსს - ში. მივხვდი, რომ ეს დებილები მაკატავებდნენ და დრო გაყავდათ და უბრალოდ მოვედი თაბუკაშვილზე. მოვიტყუე, რომ სევასტოპოლიდან გამომაგზავნეს აქ დათო ჭეიშვილის საკითხზე. მართალი აღმოვჩნდი, ამათზე მეტი ჭკუა მაქვს, მოგეხსენებათ. მითხრეს რომ აქ ყავთ და 15 წუთში გამოუშვებენ მანქანასაც და მასაც. ეს ყველაფერი ჩაწერილი მაქვს. 15 წუთი უკვე გავიდა.

სპეცოპერაციით დააკავეს მძღოლი და მისი მგზავრები, ხელების ამოტრიალებით - მიზანი იყო აქციის აპარატურის დაპატიმრება, რომ აქცია ვერ გაგვეგრძელებინა.

ველოდებით,"- წერს ჩერგოლეიშვილი. 

ტაბულას მძღოლი, რომლის მანქანაშიც ანტისაოკუპაციო აქციის აპარატურა ეწყო, პოლიციამ გაიტაცა. 

8 ივლისს სამართალდამცველებმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს საშუალება არ მისცეს, პარლამენტის სცენასთან აპარატურა აეწყოთ, პარალელურად კი რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში პრორუსული ძალების აქცია იმართებოდა და თბილისის მთავარ გამზირზე ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები ისმოდა. 

აქციების "სირცხვილია" ორგანიზატორები რუსთაველზე შეკრებლ სწორედ ტაბულას კუთვნილ პიკაპზე მოწყობილი სახელდახელო სცენიდან მიმართავდნენ.

მანქანის საბარგულში ეწყო რამდენიმე ტელევიზიის, ასევე პარტია ევროპული საქართველოს კუთვნილი აპარატურაც. 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ტაბულას უთხრეს, რომ აპარატურის მანქანაში ქონა უკანონოა. 

შსს ამას უარყოფს და ამბობს, რომ ტაბულას მძღოლი რუსთაველის გამზირზე ავარიაში მოჰყვა, დაშავებულია მესამე პირი და სწორედ ამ საქმეზე ის გამოკითხვაზეა გადაყვანილი. 

უწყებისვე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუაცავიის წესიის დარღვეას გულისხმობს. (ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ)

მოგვიანებით, შსს-მ თქვა, რომ ტაბულას მძღოლი ქვეით პოლიციელს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შსს-ზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა საგულისხმოა, რომ შსს-თან არაერთი გასაუბრების შემდეგ, უწყებას ტაბულასთვის არაფერი უთქვამს დაშავებულ პოლიციელზე. 

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გავიგეთ, კიდევ ერთხელ დავუკავშირდით შსს-ს, სადაც ინფორმაცია დაგვიდასტურეს, თუმცა არ გვიპასუხეს კითხვაზე, რატომ არ ვიცოდით ჩვენ და რატომ იცოდა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

ჭეიშვილი ჟურნალისტებსაც ემსახურება და მისი დაკავებით ტაბულას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი ეშლება.

კომენტარები