სირცხვილია - აქცია პარლამენტთან

დიღმელაშვილი: როგორც აქამდე დავდიოდით, დღესაც მშვიდობიანად მივალთ პარლამენტთან

შოთა დიღმელაშვილი
ტაბულა

აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პრორუსულმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა დაიკავეს, აქცია დღეს მაინც გაიმართება. 

როგორც მან ტაბულასთან საუბარში თქვა, აქცია მშვიდობიანია და თუ ვინმე პროვოკაციის და კონფლიქტის წამოწყებას ეცდება, შსს ვალდებულია დაიცვას აქციის მონაწილეების უსაფრთხოება.

"ჩვენ დაანონსებული გვაქვს აქცია, ჩვენ ვართ მშვიდობიანი მანიფესტანტები. ჩვენ ვიცავთ საკუთარი სიტყვის თავისუფლებას, სხვისი სიტყვის თავისუფლებასაც და როგორც აქამდე მშვიდობიანად დავდიოდით იმ ადგილას, დღესაც მშვიდობიანად მივალთ. თუ ვინმეს ენდომება კონფლიქტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია განმუხტოს ეს კონფლიქტი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თავისი უფორმო თანამშრომლები არიან იქ და ვითომდაც კონტრაქციას მართავენ,"- ამბობს დიღმელაშვილი. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პრორუსულმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა დღეს დილიდან დაიკავეს. დეკანოზი დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს. ისინი პარლამენტთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ დღეს დაგეგმილი ღირსების მარში გაუქმდა.

ცნობისთვის, ორ კვირაზე მეტია, 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. გეგმის მიხედვით, "სირცხვილია" დღეს, 19:00-ზე უნდა განახლდეს.

  

კომენტარები