ქეთათო პოპიაშვილი

ქეთათო: ხალხს ირაკლის ხმაზე მხოლოდ მოძალადე რეჟიმები და მმართველები არ უნდა აგონდებოდეს

Selfie

მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის ქვრივის, ქეთათო პოპიაშვილის თქმით, ირაკლის შემოქმედება ზედმეტად აღმატებულია იმისთვის, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების სახელებთან, მათ გაძევებასა თუ აღზევებასთან ასოცირდებოდეს. 

ის პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის ჩართვას გულისხმობს და ამბობს, რომ "ხალხს ირაკლის ხმაზე მხოლოდ მოძალადე რეჟიმები და ამ რეჟიმების მოძალადე მმართველები არ უნდა აგონდებოდეს".

"აქციების დასაწყისში, როცა მუსიკა ძალადობის საპასუხოდ გაჩენილი მუხტის ასამაღლებლად იყო გამოყენებული, როდესაც საკუთარი ღირსების დასაცავად გამოსულ ხალხს ნადირის ტყვიებით დამიზნებით უმასპინძლდებოდნენ, როდესაც არაერთი უდანაშაულო ადამიანი დაშავდა და როდესაც დაჩოქილ და ხელებაწეულ დემონსტრანტებს გადაუარეს, მაშინ სხვა რა, თუ არა "საქართველო?!" სხვა ვინ, თუ არ ირაკლი?! მაგრამ ამდენი დღის განმავლობაში, როდესაც ამ ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს და შესაძლოა მთელი ზაფხული ამ არასახარბიელო რეჟიმში მოგვიწიოს ყოფნა, ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე ამ სიმღერის გაშვება ნამდვილად ზედმეტია. ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება ზედმეტად აღმატებულია იმისთვის, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების სახელებთან, მათ პოლიტსივრციდან გაძევებასთან, ან მათ აღზევებასთან იყოს დაკავშირებული, პოლიტიკოსების, რომლებიც თუ შევლენ ისტორიაში, არამგონია კარგი კვალი დატოვონ და ნამდვილად არ მინდა ამ დროებით სახელებთან ეს მართალი და მრავლისმთქმელი მუსიკა ასოცირდებოდეს. ხალხს ირაკლის ხმაზე მხოლოდ მოძალადე რეჟიმები და ამ რეჟიმების მოძალადე მმართველები არ უნდა აგონდებოდეს", - წერს ქეთათო ფეისბუქზე.

გარდა ამისა, პოპიაშვილი აღნიშნავს, რომ აქციის ორგანიზატორებს იცნობს, ისინი ანტისაოკუპაციო გამოსვლების დროს არაერთხელ დაუკავშირდნენ და კომპოზოციები მისი სიტყიერი თანხმობით გაუშვეს, რაშიც ანაზღაურება არ მოუთხოვია. თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაში თვითონ დაურეკა ორგანიზატორს და სთხოვა, რომ არ გაეშვათ.

"ახლა უკვე მე დავურეკე ერთ-ერთ ორგანიზატორს და ვთხოვე აღარ გაეშვათ კომპოზიციები, რისი მოთხოვნის - არადა, მე თხოვნით მივმართე, - როგორც მორალური, აგრეთვე სამართლებრივი უფლება მაქვს და ამდენი უაზრო ქილიკი, ქოც-ნაცობის ჟრიამული, დაუოკებელი და ღვარძლიანი კომენტარი, მორალის კითხვა ნამდვილად აღარ არის საჭირო. წინა სტატუსი ერთ კონკრეტულ ადამიანს ეხებოდა და ალბათ რომ დამეთაგა, ამხელა ემოციურ ფოიერვერკს აგარიდებდით:) სხვის საქმეში ყველა ბრძენია და ოკუპანტის, მთავარი ჩორთის ჩამგდების ენაზე ვიტყვი, რომ каждый судит по мере своей испорченности.
არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, არ გვინდა ნეგატივის კულტივირება, საკმაოდ რთული, ეკლიანი გზა გვაქვს გასავლელი მთავარ მიზნამდე. მე მჯერა, რომ - ჩვენ მოვიგებთ ომს!", - წერს ქეთათო.

შეგახსენებთ, რომ აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის გაშვებასთან დაკავშირებით მისმა ქვრივმა პირველი პოსტი 3 ივლისს დაწერა, სადაც აქციის ორგანიზატორებს მაჯლაჯუნებს შეადარა. 5 ივლისს, რუსთავი 2-თან საუბარში კი მან განმარტა, რომ კონკრეტულად აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, popmusic-ის დამფუძნებელ ლექსო მაჭავარიანს გულისხმობდა, რომელიც მისი თქმით, აქციაზე მუსიკაზე პასუხისმგებელი პირია. 

რუსთავი 2-თან ინტერვიუში ქეთათო პოპიაშვილმა ასევე თქვა, რომ თუ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები მის "გაღიზიანებას" გააგრძელებენ, შესაძლოა, მან საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში იჩივლოს. 

ცნობისთვის, მიუხედავად ერთი დღით ადრე ქეთათო პოპიაშვილის პოსტისა, 4 ივლისს გამართულ აქცია-კონცერტზე მუსიკოსებმა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა კიდევ რამდენჯერმე შეასრულეს. 

"ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება, მეფის შემოქმედება ეკუთვნის ერს, ის ჩვენია, სწორედ მის სიტყვებზე გავიზარდეთ, მგონია, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ, რომ ვახერხებთ იმას, რასაც ვახერხებთ" - თქვა ანი სუბელიანმა და ირაკლი ჩარკვიანის "ნაიარევს" იმღერა, რომელიც 20 ივნისის ღამეს დაშავებულებს მიუძღვნა.

ორ კვირაზე მეტია, პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი მართავს აქციას "სირცხვილია". თავდაპირველად, პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გამო დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მიტინგი ძალადობრივად დაშალა, მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქცია ოთხი კონკრეტული მოთხოვნით განაახლეს - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც "გავრილოვის ღამეს" ძალას გადაამეტა.

ქართულმა ოცნებამ აქციებიდან რამდენიმე დღეში დააანონსა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარება. ასევე, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა 10 სამართალდამცველს, ხოლო ორის ქმედებებში - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გაათავისუფლა. ამ ეტაპზე, დემონსტრანტების მოთხოვნა მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომაა.

ამ ორი კვირის განმავლობაში, აქციაზე - "სირცხვილია" - ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები სხვა არაერთ მუსიკასთან ერთად, რამდენჯერმე გაუშვეს.

კომენტარები