მშვილდაძე დაკავებულებზე: სამართლიანი იქნება, ივანიშვილის ხელისუფლება რეჟიმად შეფასდეს

მიშა მშვილდაძე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების "სირცხვილია" ერთერთი ორგანიზატორი, წამყვანი მიშა მშვილდაძე 4 ივლისს 20 ივნისის საქმეზე რამდენიმე პირის დაკავების ფაქტს შერჩევითი სამართლის ნიმუშს უწოდებს. 

მშვილდაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავებულები პოლიციელს ურტყამენ, ეს შერჩევითი სამართლის ჩვეულებრივი შემთხვევაა. 

"სხვა მსგავს შემთხვევაში, მაგალითად, პანკისში არდაკავება, რამდენიმე სხვა შემთხვევაში ჯარიმით გამოშვება და ბევრი პრეცედენტია, რაც ამ შერჩევითობას ააშკარავებს. ეს ადამიანები, ჩემი აზრით, ამიტომ არიან უსამართლოდ დაკავებულები. დარწმუნებული ვარ, 6-დან 9 წლამდე ციხეში არ გაატარებენ, რაც არ უნდა მიაფუჩეჩოს ამ აბსოლუტურად უსამართლო სასამართლომ, რომელიც მათ ელით და რაც მომავალი მნიშვნელოვანი ცვლილებების თემა უნდა გახდეს. აქედანვე დაიმახსოვრეთ, მეგობრებო, რომ ჩვენი საზოგადოება ამ სასამართლოს არ შეეგუება და მალევე მოძებნის გზას, როგორც პროპორციული არჩევნების აუცილებლობაში შეძლო კონსოლიდირება, შერჩევით სამართალსაც რომ ბოლო მოუღოს და კლანური მმართველობა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს," - წერს მიშა მშვილდაძე. 

მშვილდაძის თქმით, შერჩევითი სამართალი მთავარ, თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება და ამ სიტყვამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე ბევრჯერ გაიჟღერა. 

"ამიტომაც, მე პირადად ვთვლი, რომ სანამ ეს ადამიანები ციხეში სხედან, სამართლიანი იქნება, რომ ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკური თვალსაზრისით შეფასდეს, როგორც რეჟიმი. და დიახ, ამ სიტყვას 2019 წელს ზუსტად ეს მნიშვნელობა აქვს - ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მებრძოლი ხელისუფლება, რომელიც მართული სასამართლოთი შერჩევითად ასამართლებს ადამიანებს, რომლებსაც ამავდროულად პოლიტიკური მოწინააღმდეგის მართულად აცხადებს და სახელმწიფო გადატრიალებისთვის აპირებს ნახევარი ოპოზიციისა და კიდევ არ ვიცით, რამდენის და ვის დაპატიმრებას - არის რეჟიმი,"- წერს მიშა მშვილდაძე. 

აქციის ორგანიზატორის თქმით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციამ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა ბოლომდე უნდა მიიყვანოს და სინამდვილეში სწორედ ეს იქნება ის მიღწევა, რაც ადამიანების დაპატიმრებას აზრს დაუკარგავს. 

"ვფიქრობ, რომ მხოლოდ ასე შეგვიძლია გვერდში დავუდგეთ ამ ადამიანებს, რომელთა მიმართაც ყველას გვაქვს ადამიანური თანაგრძნობა, მაგრამ ვიაზრებთ იმასაც, რომ პოლიციელიც უნდა იყოს დაცული. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ვისაც გსურთ, რომ არავინ დააპატიმრონ, გადავაყენოთ გახარია! - ჩემი აზრით, ეს არის უმოკლესი გზა ამ ადამიანების თავისუფლებისკენ. 

ამისთვის გვჭირდება სიმშვიდე და პრინციპულობა, არ მივცეთ ხელისუფლებას შესაძლებლობა, რომ რთული და მეტწახნაგოვანი საკითხებით მთავარში შეიტანოს ბზარი - ჩვენს ერთობაში! ძალა ერთობაშია - მართლა!"- წერს მიშა მშვილდაძე. 

აქცია "სირცხვილია" პარლამენტის წინ ხვალ, 5 ივლისს, ტრადიციულად 19:00 საათზე გაგრძელდება. 

ორგანიზატორების თქმით, ხვალ პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის სახლამდე ფართომასშტაბიანი მარში გაიმართება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აქციის მონაწილეები სოლოლაკში ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე მარშს მართავენ. 

ორ კვირაზე მეტია, პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი მართავს აქციას "სირცხვილია". თავდაპირველად, პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გამო დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მიტინგი ძალადობრივად დაშალა, მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქცია ოთხი კონკრეტული მოთხოვნით განაახლეს - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც "გავრილოვის ღამეს" ძალას გადაამეტა.

ქართულმა ოცნებამ აქციებიდან რამდენიმე დღეში დააანონსა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარება. ასევე, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა 10 სამართალდამცველს, ხოლო ორის ქმედებებში - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გაათავისუფლა. ამ ეტაპზე, დემონსტრანტების მოთხოვნა მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომაა.

კომენტარები