20 ივნისის აქცია

21:00-ზე, შსს-ში ბრიფინგი გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროში 21:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. უწყებაში თემას არ აკონკრეტებენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, საკითხი 20-21 ივნისის აქციას ეხება.

ინტერპრესნიუსის ცნობით, საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს და სავარაუდოდ, სწორედ ამასთან დაკავშირებით მართავს შსს ბრიფინგს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქციის საქმეზე ორი გამოძიებაა დაწყებული. ერთი "ცალკეულ პირებს" ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებას და პარლამენტის შტურმს ედავება, ხოლო მეორე - აქციის მონაწილეების მიმართ "ცალკეული სამართალდამცველების მხრიდან" ძალის გადამეტების ფაქტებს სწავლობს.

პირველ საქმეზე ბრალი წარუდგინეს ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას და დააანონსეს, რომ "უახლოეს პერიოდში ბრალდებულთა წრე გაიზრდება", მეორეზე კი - სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. პროკურატურის ცნობით, "საქმეზე ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება".

20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. ორი კვირაა, პარლამენტთან აქციები იმართება, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, მიტინგის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

თავად გიორგი გახარიას თქმით, დაელოდება გამოძიების დასრულებას და თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში "დიდი ოდენობით სისტემური გადაცდომა" დადგინდება. გახარია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებს.

კომენტარები