ტაქსები

A და B კატეგორიის ნებართვების აღება ტაქსის მფლობელებს 10 ივლისიდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ

თეთრი ტაქსები
flickr.com

A და B კატეგორიის ნებართვების აღება ტაქსის მფლობელებს 10 ივლისიდან  იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფა პირველი ივლისიდან უკვე დაიწყო. ამის გამო, ტაქსის ნებართვის მფლობელმა სისტემაში უნდა მიუთითოს, თუ რომელი კატეგორიით სურს საქმიანობის გაგრძელება.

"1 ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი და ამოქმედება ორი კატეგორიის ნებართვა – A და B. A არის თეთრი ფერის, სპეციალური აღმნიშვნელისა და ტაქსის მაიდენტიფიცირებელი საშუალების გამოყენების უფლების მქონე ტაქსი, ხოლო B კატეგორია არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ იყენებს მაიდენტიფიცირებელ საშუალებას, შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის და შეკვეთას იღებს აპლიკაციის ან სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე. ჩვენ პირველი ივლისიდან დავიწყეთ ტაქსების კატეგორიებად დაყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაქსის ნებართვის მფლობელი სისტემაში უთითებს, თუ რომელი კატეგორიით სურს საქმიანობის გაგრძელება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მასში ერთვება იუსტიციის სახლი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს თანამშრომლობისა და თანადგომისთვის. 10 ივლისიდან იუსტიციის სახლში გამოყოფილი იქნება სივრცე, სადაც ტაქსის ნებართვის მფლობელებს შეუძლიათ მიმართონ და ისარგებლონ სპეციალური მომსახურებით“, - განაცხადა კალაძემ.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი ტაქსების ლიცენზირების შესახებ. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ჰიბრიდებისთვის კი - 50 ლარია. ელექტროავტომობილის შემთხვევაში ლიცენზია უფასოა. ულიცენზიოდ გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ. გარდა ამისა, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალდება, დარეგულირდება მანქანის ფერიც - A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლები ვალდებულები არიან, ტაქსები თეთრად გადაღებონ. ეს მათთვის უფასოა და რეკლამის განთავსების სანაცვლოდ კეთდება. "თეთრ ტაქსებს" საჩუქრად გადაეცემათ მანათობელი წარწერით "TAXI თბილისი" - წითელი ფერის განათება იქნება იმ შემთხვევაში, როცა ტაქსი დაკავებულია, ხოლო თეთრი - როცა მანქანა თავისუფალია.

კომენტარები