საქართველო-რუსეთი

პუტინის სპიკერი ნინო ქათამაძეზე: პოლიტიკაში ბევრი არაფერი იცის

დმიტრი პესკოვი და ვლადიმერ პუტინი
Russia Insider

ნინო ქათამაძის გადაწყვეტილებას, რომ რუსეთში აღარ იმღერებს, რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, ქათამაძეს პოლიტიკაში ბევრი არაფერი ესმის.

"ის ძალიან ნიჭიერია, თუმცა პოლიტიკაში, ალბათ, ბევრი არაფერი იცის. თუ კითხვები ექნება, ჩვენ მუდამ მზად ვიქნებით ასახსნელად," - თქვა პუტინის სპიკერმა.

პესკოვმა ისიც თქვა, რომ რუსი არტისტებისთვის საქართველოში ჩასვლა, შესაძლოა, საშიში იყოს.

"ჩვენმა არტისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს შეიძლება საშიში იყოს. საქართველოს წარმომადგენლებისგან ჩვენ ჯერ არ მოგვისმენია იმ ახალგაზრდების დაგმობა, რომლებიც პარლამენტში შეჭრას და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე თავდასხმას ცდილობდნენ." 

30 ივნისს მომღერალმა ნინო ქათამაძემ თქვა, რომ 22 ივნისს მან რუსეთში ბოლო კონცერტი გამართა. 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევიდან 2 დღის შემდეგ რუსეთში კონცერტის გამართვას მოქალაქეების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ქათამაძე სწორედ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

"როცა იქნება საჭირო, იმ დროს ვიქნები იქ, სადაც თქვენ იქნებით," - მომღერალმა ნინო ქათამაძემ პარლამენტის წინ გამართულ მე-11 საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებს მიმართა.

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.

უკვე თერთმეტი დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი აქციას მართავს. მომიტინგეთა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ორი შესრულებულია - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს და "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ადამიანები მე-7 დღეს გაათავისუფლეს. დანარჩენი ერთი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია.

კომენტარები