სამართალდამცველების მიერ ავტოფარეხიდან გადმოგდებულ მოქალაქეს 1 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, როგორ აგდებენ სამართალდამცველები ავტოფარეხის სახურავიდან 20 ივნისის ღამის აქციის მონაწილეს ძირს, მისი დაკავების ეპიზოდია აღბეჭდილი. 

"კადრებში ნათლად ჩანს, რომ ავტოფარეხის სახურავებზე მყოფი, მოქალაქე ნ.რ. არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ხდება მისი ადმინისტრააციული წესით დაკავება, რა დროსაც რამდენიმე სამართალდამცველი მას ავტოფარეხის სახურავიდან ქვემოთ მდგომ პოლიციელებს გადასცემს,"- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კითხვაზე, დაიწყო, თუ არა სისხლის სამართლის საქმე იმ სამართალდამცველების მიმართ, რომლებიც მოქალაქეს ავტოფარეხის სახურავიდან აგდებენ, უწყება გვპასუხობს, რომ 20-21 ივნისს სამართალდამცველების მიერ ძალაუფლების გადამეტების ფაქტებს პროკურატურა ისედაც სწავლობს. 

უწყების ცნობით, ნ.რ. "აქტიურ მონაწილეობას იღებდა მელიქიშვილის გამზირზე განხორციელებულ ვანდალიზმის აქტებში, მათ შორის მანქანის მტვრევის ეპიზოდშიც, რომელიც წინა დღეებში ფართოდ იქნა გაშუქებული სხვადასხვა მედიის მიერ". 

შსს-ისვე ინფორმაციით, დაკავებული აქციის მონაწილემ მოგვიანებით სასამართლო დარბაზში ბრალი აღიარა და ბოდიში მოიხადა, რის შემდეგაც მას 1 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

Facebook მომხმარებლის, ლევან სამადალაშვილის, მიერ გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ 21 ივნისის დილას, პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ, სამართალდამცველები მოქალაქეს ავტოფარეხის სახურავიდან აგდებენ, შემდეგ კი ჩამოგდებულს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. 

20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი ანტირუსული აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია. დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 160 სამოქალაქო პირი. 2 ადამიანი 10 დღის განმავლობაში მართვით აპარატზე იყო. რამდენიმე ახალგაზრდამ ცალი თვალი დაკარგა. 

21 ივნისის დილით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებზე ქუჩა-ქუჩა ნადირობდნენ. 

კომენტარები