20 ივნისის აქცია

გახარია: თუ 20 ივნისს სისტემური შეცდომები დავუშვით, სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ავიღებ

economy.ge

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ თანამდებობას მხოლოდ მაშინ დატოვებს, თუ 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში "დიდი ოდენობით სისტემური გადაცდომა" დადგინდება. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გახარიამ ისიც თქვა, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებს.

"მაშინ, როცა ან თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში ან მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკებში, იყო დიდი რაოდენობით სისტემური გადაცდომები, თქვენი მონა-მორჩილი იმ წუთში, ყოველგვარი პრობლემების გარეშე დატოვებს ამ თანამდებობას

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩემი პასუხისმგებლობაა ამ ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგი და რომ არ დავუშვათ სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმით აღება, რაც ჩვენ შევასრულეთ. თუ ამ პროცესში ჩვენ დავუშვით სისტემური შეცდომები, რაც უნდა იყოს სამართლებრივ განსჯის და გამოძიების საგანი, რა თქმა უნდა, მათ შორის, სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც მე ავიღებ" - თქვა შს მინისტრმა და აღნიშნა, რომ "პასუხისმგებლობა და წასვლა პრობლემა არ არის, გადადგომა ყველაზე მარტივია".

გიორგი გახარიას აზრით, "ცალკეული შემთხვევების გარდა", აქციის დაშლისას პოლიციამ შეასრულა თავისი ფუნქცია და "დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი პარლამენტი, სამოქალაქო წესრიგი, კონსტიტუცია და არ დაუშვა ქვეყანაში ძალადობრივი გზით სახელმწიფო ინსტიტუტში შესვლა".

20 ივნისის მშვიდობიანი, ანტირუსული აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა, კიდევ ორი - ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მათ გარდა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი.

კვირაზე მეტია, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ. მმართველი გუნდი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება, ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა.

კომენტარები