ნიკა მელიას საქმე

გოცირიძე: მელიას წინააღმდეგ საქმის ერთადერთი მტკიცებულება არის სუს-ის აგენტების ჩვენებები

ტაბულა

ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმეში, პროკურატურის ერთადერთი მტკიცებულება არის სუს-ის აგენტების ჩვენებები.- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ თქვა. 

მისი თქმით, ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე შეთითხნილია და დეპუტატის დაკავება ბიძინა ივანიშვილს სურს. 

"როგორც ვნახეთ ეს საქმე შეთითხნილი, ვერ წამოადგინეს ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც შეიძლება ყოფილიყო დამაჯერებელი, ერთადერთი რასაც ეყრდნობა პროკურატურა, ეს არის მოწმეები. აღმოჩნდა, რომ მოწმეების უმრავლესობა, გადამოწმების შემდეგ არიან "ქართული ოცნების" აქტივისტები პროვოკატორები, სოციალურ ქსელში არის სურათები პოლიციელებთან ერთად გადაღებული მოწმეები არიან აგენტები, მტკიცებულებები იძებნება სოციალურ ქსელში. მოწმეები ამბობენ, რომელი იყო ორგანიზატორი, ეს ადამიანები მანამდე მოუწოდებდნენ შს სამინსიტროს, აქებენ გახარიას, ამბობენ, რომ გახარია არის გმირი. ერთ-ერთმა მათგანმა მადლობის წერილი მიუძღვნა პროკურატურას, რომ საქმე აღიძრას. ყველა მტკიცებულება არის გაქარწყლებული, ერთადერთი არგუმენტი არის ივანიშვილის სურვილი. პროკურატურა არის დამნაშავე, ამ დოკუმენტს ხელს აწერს თადუმაძე, მოწმეების ასეთ შეთითხვნა არის დანაშაული. ყველა თავის დროზე წახვალთ ციხეში",- ამბობს გოცირიძე.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც პროკურატურისთვის დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის საკითხს განიხილავენ.

საქართველოს მთავარ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიას დაკავება სურს. საგამოძიებო უწყება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

თუმცა, ნიკა მელიას პარლამენტის წევრის იმუნიტეტი იცავს და იმისთვის, რომ პროკურატურამ მისი დაკავება ან ჩხრეკა შეძლოს, დეპუტატის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

სწორედ ამ მოთხოვნით მიმართა საგამოძიებო უწყებამ საკანონმდებლო ორგანოს 25 ივნისს. 26 ივნისს, დილიდან კი ნიკა მელიას კოლეგები გადაწყვეტენ მისცენ თუ არა თანხმობა პროკურატურას დეპუტატის დაკავებაზე.

​პროცედურა შემდეგია: თავდაპირველად იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება, რომელიც 09:00 საათზეა ჩანიშნული. ამ სხდომაზე პროკურორებმა დეპუტატებს თავიანთი მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა დაუსაბუთონ. კომიტეტზე დასწრების უფლება და განმარტებების შესაძლებლობა აქვს თავად ნიკა მელიასაც.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც მხარდაჭერისთვის საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობა. სესია პარლამენტში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

თუ დეპუტატები პროკურატურის მოთხოვნას მხარს დაუჭერენ, სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას იმავე დღეს დააკავებენ. ენმ-ს წევრი 26 ივნისს პროკურატურაში დაბარებულიამისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეების ნაწილსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. მათ პარლამენტის შენობაში შესვლა მას შემდეგ სცადეს, რაც ამისკენ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოუწოდა.

რამდენიმე საათში სპეცრაზმმა აქცია ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა, ხოლო ორი - აქამდე მართვით სუნთქვაზეა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. რამდენიმე დღეა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები" დაინახა.

კომენტარები