ძალადობის და მუქარის სხვა შემთხვევები - "ოცნების" პასუხი, რატომ არ დაისაჯნენ ვასაძე და სხვები

საქართველოს მთავარ პროკურატურას პარლამენტის არჩეული წევრის, ნიკა მელიას დაკავება სურს. უწყებამ უკვე მიმართა საკანონდებლო ორგანოს და სთხოვა თანხმობა დეპუტატის დაპატიმრებაზე.

​ტაბულამ ქართული ოცნების წევრებს ჰკითხა, ძალადობის, მუქარისა თუ ძალადობისკენ მოწოდების სხვა შემთხვევებში რატომ არ დააკავეს არავინ. მაგალითად, ლევან ვასაძე, რომელიც მოქალაქეებს ქუჩაში ძალადობისკენ მოუწოდებდა პოლიციას ემუქრებოდა; ასევე, 2013 წლის 17 მაისს, მშვიდობიანი აქციის დარბევაში მონაწილე მრევლი და სასულიერო პირები, რომლებიც მოქალაქეებს თავს დაესხნენ; გარდა ამისა, კითხვა ეხებოდა 2013 წლის 8 თებერვალსაც, როცა აქციის მონაწილეები ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეიკრიბნენ და ენმ-ს წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ამასთან, არავინ დაუკავებიათ მიმდინარე წლის 20 ივნისის დარბევაში ძალის გადამეტებისთვის ან შესაბამისი ბრძანების გაცემისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ნიკა მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას ედავება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი ვოლსკის თქმით, მელიას მელიას შემთხვევაშ სახელმწიფო გადატრიალებაზეა საუბარი.

"დღეს ჩვენ ვიხილავთ სხვა თემას. სახელმწიფო გადატრიალებაზეა აქ. ჩემო კარგო, ლაპარაკი და უნდა დაუკვირდეთ რა, რამდენად პარალელების გავლება შეიძლება", - უთხრა ვოლსკიმ ტაბულას ჟურნალისტს.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის საქმეზე და ძალადობრივ მოწოდებაზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, "მაგრამ პარლამენტში შემოჭრის საკითხი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამისგან".

"ლევან ვასაძე კი, მოუწოდებდა ძალადობისკენ, დაკითხეს კიდევაც, მაგრამ მასთან დაკავშირებით მე არ მინდა არანაირი პარალელის გავლება. მე არა ვარ ლევან ვასაძის ადვოკატი აქ, ეს ერთი და მეორე - განასხვავეთ თემა. უმძიმესი შედეგები და საკანონმდებლო ორგანოში აშკარა შემოჭრის მცდელობა და პირადი მონაწილეობა შტურმში, რომელმაც დააზიანა უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა", - თქვა ვოლსკიმ.

რაც შეეხება 17 მაისს, დეპუტატს ამბობს, რომ რამდენადაც ახსოვს, ბევრმა ადამიანმა აგო პასუხი.

ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი და იმ კომიტეტის თავმჯდომარე, სადაც 27 ივნისს ნიკა მელიასთვის დეპუტატის სტატუსის შეჩერების საკითხი უნდა განიხილონ, თუკი ადამიანის უფლებები ირღვევა, ხელისუფლება რეაგირებას ახდენს. თუმცა, ანრი ოხანაშვილის თქმით, ნებისმიერი პირის ბრალეულობის საკითხი სამართალდამცავმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.

"ჩვენ არ ვართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, ჩვენ არ ვწყვეტთ პირის ბრალეულობის საკითხს. ნებისმიერი საკითხი პირის ბრალეულობის შესახებ უნდა გადაწყვიტონ სამართალდამცავმა ორგანოებმა. მე არ ვიცი, კონკრეტულ საქმეში სად რა გარემოებები ფიქსირდება, სად რა მტკიცებულებაა", - თქვა მან.

ამ პასუხის შემდეგ ტაბულამ დეპუტატს შეახსენა ქართული ოცნების წევრების განცხადებები 20 ივნისის მოვლენებში ნიკა მელიას პასუხისმგებლობის შესახებ. ოხანაშვილის პასუხი შემდეგია:

"ჩვენ ვსაუბრობდით პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. თქვენ არ ემიჯნებით იმ საქციელს? ნებისმიერი პირი, ვინც დაარღვევს კანონს, ადეკვატურად უნდა დაისაჯოს".

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ დაწყებულია გამოძიება 20 ივნისს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე. მან ასევე მოიყვანა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში პოლიციელების მიმართ დაწყებული გამოძიებების მაგალითი.

ტაბულას კითხვას, შეუძლია თუ არა დაასახელოს ერთი ადამიანი, ვინც 17 მაისს მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობისთვის დააკავეს, ანრი ოხანაშვილი პასუხობს:

"თქვენთან დაკითხვაზე არ ვარ გენაცვალე".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. დეპუტატი 27 ივნისს ოროკურატურაშია დაბარებული. მანამდე კი, სამართალდამცავმა უწყებამ საქართველოს პარლამენტს დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ აცნობა და ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით მიმართა.

კომენტარები