სესიაშვილი: ჩვენ გადავდივართ ძალიან დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესში

დიახ, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას. ამაზე მკაფიოდ ვთქვით, რომ ამაზე დადგება პასუხისმგებლობა და 10 პოლიციელს უფლებამოსილება შეჩერებული აქვს და თითოეული პოლიციელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი საზოგადოება უნდა დავიცვათ "შავი ჭირისგან", ამ პოლიტიკური "შავი ჭირისგან". და მეორე მხრივ, უნდა ადეკვატური ვიყოთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნების მიმართ. მე მგონი, ჩვენმა საზოგადოებამ აქ სწორად დაინახა, რაც მოხდა. უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი გადადგა. ჩვენმა კოლეგამ დატოვა მანდატი. ჩვენ გადავდივართ ძალიან დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესში

ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა, ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ილაპარაკა. დღეს პირველი სესია გაიმართა მას შემდეგ, რაც 20 ივნისის ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის მშვიდობიანი მონაწილეები ჯერ რეზინის ტყვიებითა და გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით ძალადობრივად დაარბია. დარბევის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად თვალი დაკარგა 3-მა ახალგაზრდამ. ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას კვლავ იკავებს

კომენტარები