მოქალაქე ამბობს, რომ პარლამენტის წინ აქციებზე დგომის გამო, მასა და მის ოჯახს ემუქრებიან

Facebook/ Alex Chigvinadze

მოქალაქე ყვება, რომ პარლამენტის წინ გამართულ მასშტაბურ აქციაზე ყოფნის გამო მასა და მის ოჯახს ემუქრებიან. 

ამის შესახებ ალექსი ჩიღვინაძემ Facebook-ზე დაწერა, სადაც ყვება, რომ მამამისი საქართველოს რკინიგზაში მუშაობს, სადაც დაიბარეს და უთხრეს, რომ შვილს დაელაპარაკოს. 

"მამაჩემი დიდი ხანია რკინიგზაში მუშაობს. დღეს დაუბარებიათ და უთქვამთ, გავიგეთ შენი შვილი აქციებზე დადის და დაელაპარაკე რა, არ უნდაო. მამაჩემს უპასუხია, რომ ზრდასრულია და თავისი აზრი აქვსო. ნუ მაინც გადაეციო, არ უნდაო, თორემო... ჰოდა, აი, გადმომცა. (ნუ გავიგე. არ მეტყოდა თვითონ. სახლში შეატყვეს ეტყობა ნერვიულობა და ჩაეკითხნენ, თორემ ჩვენ თვეში ორჯერ თუ ვნახავთ ერთმანეთს) და ახლა რა მაინტერესებს? ვინ გგონივართ ან როგორ ბედავთ? როგორ გამიბედეთ მე ან ჩემს ოჯახს? ერთი გადაბრუნებული სიტყვა აღარ უთხრათ მამაჩემს, აღარაფერს ვამბობ მის სამუშაო ადგილზე,"- წერს ჩიღვინაძე.

ის ასევე საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორს, დაჩი ცაგურიასაც, მიმართავს. 

"და დაჩი ცაგურია ფრენდებში არ მყავს და მომიკითხეთ რა, გადაეცით, ერთად ვმდგავართ ბევრ აქციაზე და აი, როგორ მოახერხა, რომ ზუსტად იმ სისტემას ემსახურება, ვისაც ებრძოდა? არ ღირს ეს ყველაფერი თუნდაც მაღალ ხელფასად. რაში ხარჯავთ და გვახარჯინებთ ამ ძვირფასს წუთებს? სად არის თქვენი პრინციპები და ადამიანობა?" - წერია პოსტში. 

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი უკვე მე-5 დღეა შეკრებილია. მათი 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან დღეს მხოლოდ ერთის - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს. დანარჩენი ორი მოთხოვნა - საპატიმროებიდან დაუყონებლივ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც "გავრილოვის ღამეს" დააკავეს და გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. ხელისუფლება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმრავლესობა საქალაქო სასამართლომ 9-დღიან პატიმრობაში დატოვა. ვრცელდება ცნობები, რომ დაკავებული ადამიანები ნაცემები არიან. 

კომენტარები