ბრიფინგი პროკურატურაში

აქციაზე სამართალდაცავებისგან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

"საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება აქციის ცალკეულ მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალისა და კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს, უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების სრულყოფილად გამოძიების მიზნით. 

საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, შეიქმნას მომხდარის სრული სურათი, რათა რეაგირების გარეშე არ დარჩეს არც ერთი მცირედი სამართალდარღვევაც კი. 

ამ მიზნით პროკურატურა თხოვნით მოგმართავთ, რომ ჩვენს მიერ საპროცესო ღონისძიებების ფარგლებში მოპოვებული ფოტო-ვიდეო მასალის გარდა, მოგვაწოდეთ თქვენს ხელთ არსებული  ნებისმიერი მტკიცებულება, რათა გამოძიებით გამოკვეთილ ყველა გადაცდომასთან და დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ამასთან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საგამოძიებო პროცესის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობა, საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, პროცესში ჩართოს საქართველოს სახალხო დამცველი იმ ფარგლებში, რაც საჭირო იქნება გამოძიებაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის ფუნქციის სათანადოდ განსახორციელებლად" - აცხადებს პროკურატურა.

20-21 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის დროს 140 ადამიანი დაშავდა. ორ მათგანს თვალი ამოუღეს, კიდევ ორი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აქციის მონაწილეების გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 სამართალდამცველი.

კომენტარები