ნინო კასრაძე

ნინო კასრაძე რობერტ სტურუას: საქართველო იყო, არის და იქნება!

ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ არც სოციალურ ქსელში ვარ და არასოდეს არც ერთ თემაზე საჯაროდ კომენტარს არ ვაკეთებ....

მაგრამ დღეს (ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კონტექსტში) არაფრით არ შემიძლია, გავჩერდე და ჩემი აზრი არ გამოვთქვა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით...

მესმის,რომ ყველას თავისი აზრი გააჩნია, მესმის, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება უზენაესია, ჰოდა, ვსარგებლობ ამ უზენაესი უფლებით...

ბატონო რობერტ, გუშინ და გუშინწინ რუსთაველზე ახალგაზრდები იდგნენ, სტუდენტები, თინეიჯერები, ჩემი სალომეს და თქვენი ელენეს თანატოლები. ზუსტად ისინი, ვინც ხვალ ის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება უნდა დააკომპლექტოს, რომელზეც ყველა ვოცნებობთ. მეც ჩემს შვილებთან ვიდექი, აბა, მარტო ხომ არ დავტოვებდი, ანდა ხომ არ ვაიძულებდი სახლში დარჩენას?! ანდა, რა უნდა მეთქვა, პროტესტი რატომ გაგიჩნდათ, მოგეჩვენათ ეს ყველაფერი-თქო?!

მე იქ ბოროტი სული არ მინახავს, არც ნაცისტების ზეიმი მინახავს, ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აღარ არის...

პირიქით, ახალი საქართველო ახლა იბადება - უკომპრომისო, პატრიოტი და, სამწუხაროდ, ზოგი
ცალთვალა...

ოცდახუთწლიანი ურთიერთობის განმავლობაში, სიყვარულითა და აღტაცებით სავსე ურთიერთობის მანძილზე, პირველად გამიჩნდა გადაულახავი სურვილი, გამოვთქვა პროტესტი, პროტესტი თქვენი პოზიციის მიმართ, რომ თითქოს “საქართველო აღარ არის”!

საქართველო იყო, არის და იქნება!!!!

მსახიობი ნინო კასრაძე, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას ეხმიანება, რომელმაც ანტისაოკუპაციო აქციებთან დაკავშირებით facebook-ზე დაწერა, რომ "ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის".

კომენტარები