გიორგი ბადრიძე

ბადრიძე: ყველა ნორმალურ ქვეყანაში ამ მომენტისთვის მთავრობა მზად იქნებოდა გადადგომისთვის

გიორგი ბადრიძე
გიორგი ბადრიძე

"ყველა ნორმალურ ქვეყანაში ამ მომენტისთვის ხელისუფლება და კონკრეტულად მინისტრთა კაბინეტი მზად იქნებოდა გადადგომისთვის," - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი, დიპლომატი გიორგი ბადრიძე თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ტაბულასთან საუბრისას აფასებს. მისი თქმით, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს აუცილებლად გადადგებოდა, იმ განცხადების შემდეგ, რაც მან ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების არ გამოყენებასთან დაკავშირებით გააკეთა, აქციის დარბევის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

"პრემიერმინისტრი, რომელიც ამბობს, რომ მისი მთავრობა კატეგორიულად არ იყენებს ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს და ამის თქმიდან რამდენიმე წუთებში დემონსტრანტებს, მშვიდობიან მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებიან, სწორედ ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით, თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს დაუყოვნებლივ გადადგებოდა. ხოლო, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა იმ ადამიანს ვინც მიიღო დარბევის გადაწყვეტილება და შეასრულა ეს დანაშაულებრივი ქმედება, წინ უნდა დახვდეს მართლმსაჯულება. მაგრამ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ვცხოვრობთ, ამას არ ველოდები, თუმცა სრულიად ბუნებრივად მგონია, რომ ასეთ დროს ეს მარიონეტული მთავრობა უნდა მიდიოდეს და მის ადგილას იქმნებოდეს რაღაცა გარდამავალი, რომელიც ქვეყანას  მიიყვანს საპარლამენტო არჩევნებამდე," - ამბობს ბადრიძე.

ბადრიძის თქმით, საზოგადოებას დიდი ხანია აქვს შეგრძნება, რომ ქვეყანას ნელნელა აბარებენ რუსეთს და ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ბოლო წვეთი იყო. ის ასევე აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს აქციების არ არის პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული. დიპლომატი რუსთაველზე მიმდინარე აქციებს გულწრფელ და ჯანსაღ პროცესად აფასებს. 

"ბოლო ემოცია იყო, ბოლო წვეთი ადამიანების მოთმინებაში, რომლებსაც დიდი ხანი აქვთ შეგრძნება, რომ ჩვენს ქვეყანას ნელ-ნელა აბარებენ რუსეთს და რომ ასპარეზს უხსნიან ყველაზე შავბნელ ძალებს ჩვენი ქვეყნის შიგნით. შესაბამისად, მე მგონია, რომ ეს იყო ყველაზე ჯანსაღი რეაქცია, ყველაზე ჯანსაღი თაობის. თაობის, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში და რომლისთვისაც მიუღებელია ის სცენარი, რომელსაც ისინი უკვე ხედავენ, რომ მათ უმზადებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს აქციები არ ყოფილა ორგანიზებული ჩამოყალიბებული ტრადიციული პოლიტიკური პარტიების მიერ. ამას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს და რისკებიც არის. რისკები იმაშია, რომ ეს პროცესი შეიძლება რომელიმე არც თუ ისე პატრიოტულმა და ქართულმა ძალამ თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. იმედია, რომ ეს ასე არ მოხდება და ამ იმედის საფუძველს იძლევა ის, რომ ეს არის ძალიან ჯანსაღი და კარგი თაობა. თუმცა, საერთოდ პოლიტიკური ლიდერობა ყოველთვის სჭირდება ასეთ დიდ მოვლენებს. ჯერჯერობით მე ვხედავ სრულიად გულწრფელ და ჯანსაღ პროცესს," - ამბობს ბადრიძე. 

გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ პროტესტმა გარკვეული შედეგი უკვე მოიტანა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაიგო, რომ სამუდამოდ ვერ იქნება ფესვებ გადგმული საქართველოში. 

"ჩემი აზრით უკვე რა შედეგიც დადგა, არის ბიძინა ივანიშვილის მიერ გააზრება, რომ მის ქვემოთ ორგანიზებული პოლიტიკური სისტემა არის მყიფე და რომ, ის სამუდამოდ არ არის ფესვებ გადგმული საქართველოში და მიერ ქვეყნის, როგორც შპს-ს მართვას დიდი დრო არ დარჩენია. ყველა შედარებით რეალობასთან კავშირში მყოფი ადამიანისთვის იქნებოდა სიგნალი, რომ უნდა დაიწყოს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარებისათვის მზადება, თუ ბევრად უფრო რთული პროცესი არ უნდა," - ამბობს ბადრიძე.

გიორგი ბადრიძეს სწორად მიაჩნია პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნაც. მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით სიჩქარე სასარგებლო არ იქნება. მისი თქმით, იდეალური გამოსავალი იქნებოდა 2020 წელს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, პროპორციული სისტემით.

"პროპორციული სისტემის მოთხოვნა ჩვენი რეალობიდან გამომდინარე სწორად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში მაჟორიტარული სისტემა მუშაობა, საპარლამენტო დემოკრატიის აკვანში, ბრიტანეთში ყველა საარჩევნო ოლქი არის მხოლოდ მაჟორიტარული და ეს დემოკრატიას ხელს არ უშლის, მაგრამ ჩვენს რეალობაში მაჟორიტარულ ოლქებში კიდევ უფრო მარტივია ხალხის მოსყიდვით ისეთი ძალების მოსვლა პარლამენტში, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ამ ხალხის ინტერესებთან. ამ რეალობიდან გამომდინარე, მეც ვეთანხმები, რომ პროპორციული სისტემა აუცილებელია. ძალიან სიჩქარე რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არ იქნება სასარგებლო, არ ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკური ძალები მზად არიან დღესვე გადაიბარონ ხელისუფლება. იდეალური გამოსავალი იქნებოდა, რა თქმა უნდა, 2020 წელს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, უფრო თანაბარი პირობებით, მათ შორის პროპორციული სისტემით, რამდენად რეალისტურია ამ დრომდე სტაბილური ვითარებით მისვლა, რამდენად მზად არის ივანიშვილი, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით გადააბაროს ძალაუფლება თუნდაც ახალ კოალიციას, ამაში დარწმუნებული არ ვარ," - ამბობს ბადრიძე ტაბულასთან საუბრისას.

20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ადამიანები პარლამენტში რუსი დეპუტატების მისვლას აპროტესტებდნენ. მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება დაიწყო. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, რა დროსაც, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, ისროლეს რეზინის ტყვიებიც. დარბევა, დაახლოებით, ღამის 12 საათისკენ დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. 5 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი მოქალაქეების დარბევას რეზინის ტყვიებით, გაზითა და წყლის ჭავლებით ცდილობდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე სულ 240 ადამიანი დაშავდა. აქედან 80 პოლიციელი იყო, 31 ჟურნალისტი დანარჩენი კი აქციის მონაწილეები იყვნენ.

დაშავებულებს რეზინის ტყვიები მოხვდათ თავში, სახეში, თვალში, ფეხში, ხელში, ზურგში. ზოგ შემთხვევაში ერთ ადამიანს არა ერთი, არამედ ათამდე ტყვიაც კი მოხვდა. 

სხვადასხვა ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმის თანამშრომლები რეზინის ტყვიებს არა ზემოდან ქვემოთ ისროდნენ, როგორც წესია, არამედ პირდაპირი დამიზნებით. ასევე, რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები მიწაზე დაგდებულ ადამიანებს წიხლებს. 

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ სულ 305 ადამიანი დაიჭირა. 

კომენტარები