გახარია: ოპოზიციის პროვოკაცია იყო, პოლიცია იძულებული გახდა, სპეც. საშუალებები გამოეყენებინა

რადიო ათინათი

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 20 ივნისის აქციაზე მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება, რომლებმაც სიტუაციის პროვოცირება მოახდინეს. 

გახარიამ მოვლენების შეგფასებისას თქვა: 

"გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე ქალაქისთვის, თბილისისთვის და ქვეყნისთვის. გუშინ მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი, გუშინ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო მიმართული პოლიციის წინააღმდეგ, ინსტიტუციების წინააღმდეგ, ძალადობაში რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე. ეს არის უმძიმესი რამ, რაც ამ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია არ მომხდარა. 

მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, მოხდა ჯგუფური თავდასხმები პარლამენტში შეღწევის მიზნით. სამწუხაროდ, სიტუაცია დაიძაბა ისე, იმ დონეზე, რომ პოლიციამ, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება და ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ნახეს, იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. არა ლეტალური, რა თქმა უნდა. 

ჩვენ ვამზადებთ ყველაფერს და წუთების მიხედვით გავხდით საჯაროს, როგორ წუთების, წამების მიხედვით როგორ ვითარდებოდა მოვლენები რუსთაველზე. უდიდესი აღშფოთება გამოიწვია ჩემში იმან, რომ ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა, რომელმაც დააპროვოცირეს ჩვენი რიგითი მოქალაქეები, შემდეგ მოედნიდან გაქრნენ. პოლიტიკოსებმა და პარტიების კონკრეტულმა წარმომადგენლება შეძლეს, რომ პოლიცია და მოქალაქეები, რომლებიც გამოთქვამდნენ გულწრფელ, ალალ პროტესტს, დაეპირისპირებინათ ერთმანეთთან. არც ერთი მათგანი 10 საათის შემდეგ იქ არ ყოფილა. ყველა უბრალოდ გაიქცა იქიდან და შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები თავიანთი პროვოკაციების შემდეგ ერთმანეთს. სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე უბრალოდ იდგნენ და იცავდნენ  უსაფრთხოებას". 

ჟურნალისტების კითხვაზე, გადაამეტა თუ არა ძალას პოლიციამ და ასევე რეპლიკამ, რომ მათ შეუძლიათ გახარიას აჩვენონ ძალის გადამეტების კადრები, მინისტრი პასუხობს: 

"არ მაინტერესებს მე თქვენი ვიდეო. 

სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, პოლიციელები საერთოდ არ განძრეულან. იდგნენ და იცავდნენ თავს". 

რაც შეეხება მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას: 

"არ მინახავს, ვნახავ აუცილებლად, არ მაინტერესებს თქვენი კადრი. იქ სადაც იყო კონკრეტული ფაქტი გადამეტების ამას შევისწავლოთ. მაგრამ რაც მთავარია, პოლიციამ უკვე აღძრა ძიება რომელიც ნიშნავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. ყველა ის ადამიანი ვინც მონაწილეობდა ძალადობის გარდაქმნაში და შტურმში, უმკაცრესად დაისჯება". 

20 ივნისს პარლამენტთან ანტირუსული აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც დემონსტრანტების ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშლა მოჰყვა. 

მოქალაქეების პროტესტი თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტმა გამოიწვია. გავრილოვი თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდა. ის ამ ასამბლეის თავმჯდომარეა. გავრილოვს 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს, 20 ივნისს კი სამუშაოს სხდომები პარლამენტის შენობაში გაგრძელდა. გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. 

მოქალაქეები ამის გასაპროტესტებლად ჯერ პარლამენტთან შეიკრიბნენ. მათი და ოპოზიციის პროტესტის შედეგად იქ ასამბლეის სხდომა ჩაიშალა და სასტუმრო რედისონში გაგრძელდა. დემონსტრანტებმა სწორედ აქ გადაინაცვლეს. ასამბლეის სხდომის დასრულების შემდეგ გავრილოვი კვერცხების და წყლის ბოთლების სროლით და გინებით გააცილეს, შემდეგ კი პარლამენტთან გადმოინაცვლეს, რათა მმართველი გუნდის პოლიტიკა გაეპროტესტებინათ. 

აქციაზე სიტყვით პოლიტიკოსებიც გამოვიდნენ. 

მოთხოვნები ასეთი იყო: ირაკლი კობახიძის, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურის გადადგომა. 

აქციაზე შეკრებილების ნაწილი სკანდირებდა, რომ პარლამენტის შენობაში შესულიყვნენ და კობახიძის გადადგომა იქ გაეგრძელებინათ. 

პოლიტიკოსებმა მმართველ გუნდს მათ მოთხოვნებზე რეაგირებისთვის 1-საათიანი ვადა მისცეს. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ მათ პასუხი არ გასცა, გიგი უგულავამ თქვა, რომ მმართველ გუნდს 12 საათამდე დალოდებოდნენ და შემდგომი ნაბიჯები მოეფიქრებინათ. 

თუმცა, ნიკა მელიამ მაშინვე მოუწოდა შეკრებილებს, შეჭრილიყვნენ პარლამენტში. ვითარება სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა. მოქალაქეების ნაწილს სპეცრაზმმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები, ფარები და ხელკეტები წაართვეს და ბოთლები ესროლეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, თუმცა, სწორედ ამ დროს გაუშვა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, კვამლი და სუნი მეტრო თავისუფლების მოედნამდე იგრძნობოდა. სამართალდამცველებმა ისროლეს რეზინის ტყვიებიც. 

ესროდნენ არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც აქციის მონაწილეების მცირე ნაწილს წარმოადგენდნენ და პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, არამედ განურჩევლად ყველას, მათ შორის, გაქცეულებს, დამიზნებით და ახლო მანძილიდან. 

კომენტარები