კარპენტერი გავრილოვზე: მესმის, როგორ შეურაცხყოფილად იგრძნობდა ქართველი ხალხი თავს

Commersant.ge

აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მრჩეველი თავდაცვის საკითხებში მაიკლ კარპენტერი გავრილოვთან დაკავშირებულ მოვლენებს აფასებს.

კარპენტერი ამბობს, რომ მას ესმის, რატომ გამოიწვია საზოგადოებაში ასეთი მძაფრი პროტესტი იმან, რომ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. ამის შესახებ კარპენტერი რუსთავი 2-ს ესაუბრა. 

"ძალიან უსიამოვნო სანახავია პარლამენტის თავმჯდომარის სკამში იხილო რუსეთის პარლამენტის წევრი, რომელიც კომუნისტური პარტიიდანაა და ძალიან ნაციონალისტური განწყობებით გამოირჩევა. ამას სიმბოლურად რომ შევხედოთ, მესმის, როგორ შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს ხალხი, თუმცა ეს უფრო დიდ პრობლემასთან მიდის. რუსეთი ფუნდამენტურად მტრული ძალაა და ქართული მიწა აქვს ოკუპირებული. რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების ძიება კარგია, თუმცა იმ დროს, როდესაც რუსეთი მტრულ ტაქტიკას განაგრძობს, მოიწვია რუსი პარლამენტარები და დასვა იმ სავარძელში, უსიამოვნოა და სიტუაციაზე დადებითად არ იმოქმედებს,"- თქვა კარპენტერმა. 

მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ არსებობდეს პარლამენტთაშორისი დიალოგი, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა მასში მონაწილე პირები ძალიან ფრთხილად უნდა შეირჩეს. 

"ვფიქრობ, შესაძლებელია, გქონდეს პარლამენტთაშორისი დიალოგი, რომელიც მოიცავს მართლმადიდებელ ქვეყნებს, მაგრამ მე ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი იმ ხალხის შერჩევაში, ვისაც ამ დისკუსიაზე მოვიწვევდი. როგორც ვიცი, უკრაინის ელჩმა ბატონმა დოლგოვმა დარბაზი მაშინვე დატოვა, როდესაც გავრილოვი დაინახა. მესმის, რადგან ეს არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს ან უკრაინის სუვერენიტეტის პატივისმცემელი,"- ამბობს კარპენტერი. 

20 ივნისს 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ხილვა. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ქართული მხარის, კერძოდ ქართული ოცნების დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის, მოწვევით ჩამოვიდა. მას სახელმწიფომ სპეციალური დაცვაც კი გამოუყო და 19 ივნისს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. 

20 ივნისს ფორუმი პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, გავრილოვი კი პარლამენტის პრეზიდიუმში, თავმჯდომარის სკამზე დაჯდა, რამაც ოპოზიციური დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ჯერ ევროპულის საქართველოს წევრებმა, მოგვიანებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გავრილოვი აიძულეს, პარლამენტის შენობა დაეტოვებინა. 

გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა სასტუმრო რადისონში გადაინაცვლეს, სადაც მოქალაქეთა აქცია გაიმართა. მათ აეროპორტამდე გზა სირცხვილის კორიდორში გაიარეს. 

პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები პასუხისმგებელი პირების, ზაქარია ქუცნაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადადგომას მოითხოვდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით სცადეს. აქციის მონაწილეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი, შსს-მ წყლის ჭავლები გამოაგორა და აქცია საბოლოოდ დაშალა. აქციიდან წასულ მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, მათ შორის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. 

საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანებიდან ორმა მხედველობა დაკარგა, რადგან რეზინის ტყვია მოხვდათ თვალში, დანარჩენს კი ოპერაცია უტარდებათ. 

დაშავდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ოპერატორები.

კომენტარები