აქციის დარბევა

ბახტაძე: აქციაზე რევანშისტული ოპოზიციისგან ადგილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას

ის რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და ეს პროცესი ორად არის გაყოფილი. ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომების შედეგად და სამართლიანად გახდა ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პროტესტის მიზეზი, ჩვენმა გუნდმა დღის პირველ ნახევარში პრაქტიკულად სრულად აღკვეთა, შეწყდა ფორუმი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი, ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს შესაბამისი უმკაცრესი განცხადებები და აღუთქვეს მოსახლეობას, რომ უმკაცრესად შეისწავლიდნენ ყველაფერს და სათანადო პასუხს მოსთხოვდნენ გუნდის წევრებს. იმავდროულად 7 საათის შემდეგ რუსთაველის გამზირზე ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებს. რევანშისტული ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მათ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და მთელმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა როგორ იძალადეს ჩვენს პოლიციელებზე. შედეგად შეიქმნა ვითარება რომელიც გასცდა დღის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ სრულიად სამართლიან რეაქციას და მივიღეთ რევანშს მოწყურებული დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა. სამწუხაროს უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები. პარლამენტზე და პოლიციაზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისარგებლეს ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი ემოციებით. ბოლო მომენტამდე პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს, პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში დაიცვა სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული.

ახლა მნიშვნელოვანია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობა და ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი. ხვალ რასაკვირველია პროცესები გაგრძელდება, ჩვენ სიტყვას არ გადავალთ, არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმა შექმნეს ეს კრიზისული ვითარება. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე. იმავდროულად ჩვენ ყოველმიზეზგარეშე უზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი და კონსტიტუცია. ჩვენი მიზანი არის სიტუაციის დეესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოები და დიპლომატიური კორპუსი სრულად ინფორმირებულია თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები დღეს. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ამ პირებს სრულად მოუწევთ პასუხიმგებლობის გაზიარება მათ მიერ ორგანიზებულ მასობრივ არეულობასა და დესტაბილიზაციის მცდელობაზე. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვსურს მოვუწოდოთ სიმშვიდისკენ. ხელისუფლება დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს.

პრემიერი მამუკა ბახტაძე აქციის დარბევის შესახებ.

კომენტარები