აქციის დარბევა

ბახტაძე: პოლიციამ დაიცვა სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული

ის რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და ეს პროცესი ორად არის გაყოფილი. ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომების შედეგად და სამართლიანად გახდა ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პროტესტის მიზეზი, ჩვენმა გუნდმა დღის პირველ ნახევარში პრაქტიკულად სრულად აღკვეთა, შეწყდა ფორუმი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი, ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს შესაბამისი უმკაცრესი განცხადებები და აღუთქვეს მოსახლეობას, რომ უმკაცრესად შეისწავლიდნენ ყველაფერს და სათანადო პასუხს მოსთხოვდნენ გუნდის წევრებს. იმავდროულად 7 საათის შემდეგ რუსთაველის გამზირზე ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებს. რევანშისტული ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მათ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და მთელმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა როგორ იძალადეს ჩვენს პოლიციელებზე. შედეგად შეიქმნა ვითარება რომელიც გასცდა დღის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ სრულიად სამართლიან რეაქციას და მივიღეთ რევანშს მოწყურებული დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა. სამწუხაროს უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები. პარლამენტზე და პოლიციაზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისარგებლეს ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი ემოციებით. ბოლო მომენტამდე პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს, პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში დაიცვა სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული.

ამის შესახებ ქართულ ოცნებაში გამართულ ბრიფინგზემამუკა ბახტაძემ ისაუბრა.

კომენტარები