მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა

კალაძე: ირაკლი კობახიძემ რასთან დაკავშირებით უნდა აიღოს პასუხისმგებლობა?

თბილისის მერია

"ირაკლი კობახიძემ რასთან დაკავშირებით უნდა აიღოს პასუხისმგებლობა?" - იკითხა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სერგეი გავრილოვის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. მან თანაგუნდელებთან ერთად ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს.

"რაც მოხდა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის და დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა გუნდი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტში არ უნდა ჩატარებულიყო ეს შეხვედრა, მითუმეტეს, სპიკერის ადგილზე რუსი დელეგატის განთავსება, ესეც კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის. ორგანიზატორებს მოუწევთ, გააკეთონ განმარტებები, თუ რა მოხდა, ვისი ბრალეულობა იყო, რატომ მოხდა ეს ყველაფერი.

არც ჩემთვის, არც ჩემი თანაგუნდელებისთვის, არავისთვის არ იყო მისაღები ის ფორმა, რაც დღეს ვნახეთ. ალბათ, კარგი იქნებოდა, ეს სხვა ადგილას ჩატარებულიყო და მითუმეტეს, კატეგორიულად მიუღებელი იყო, როცა ჩვენ ვიხილეთ რუსი დელეგატი სავარძელში"- თქვა კალაძემ.

კითხვაზე, ვის ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ქართული ოცნების გენერალური მდივანი პასუხობს - "რაღაცების გაპრავება რომ არ გამომივიდეს, ფაქტი, არის ძალიან ცუდი, ირაკლი არ იმყოფება საქართველოში, როცა დაბრუნდება, განმარტავს ყველაფერს, ასევე ორგანიზატორი ვინც იყო, ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს ყველაფერს თუ როგორ უნდა წარმართულიყო ეს სხდომა, ვინ სად უნდა მჯდარიყო, ვის უნდა წაეყვანა და ა.შ. თვითონ ახსნიან და ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, როგორც წარიმართა მოვლენები, ასე არ ყოფილა დაგეგმილი და ასე არ უნდა მომხდარიყო".

თბილისში მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. 20 ივნისს, ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს და სხდომა ჩაიშალა. სხდომა სასტუმრო რედისონში გაგრძელდა. პარალელურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქციაც. მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა სასტუმროს შენობა დატოვა. გარეთ შეკრებილმა მოქალაქეებმა მას წყლის ბოთლები დაუშინეს და აგინეს. 

კომენტარები