რუსი დეპუტატები თბილისში

R2-ის ცნობით, ზაქარია ქუცნაშვილი რადისონში რუს დეპუტატებთან შესახვედრად მივიდა

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი სასტუმრო რადისონში მივიდა, სადაც რუსი დეპუტატები არიან. 

სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები სასტუმროში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა, ევროპულმა საქართველომ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ისინი პარლამენტიდან გააძავეს. 

მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. დელეგატებს მიმართა საქართველოს პატრიარქმაც.

20 ივნისს კი, ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გადაწყდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდებოდა.

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძის თქმით კი, მოულოდნელი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა და "ეს პარლამენტის შეცდომაა, რომელიც აღარ და ვეღარ დაიშვება". განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმაც და მომხდარს პროტოკოლური შეცდომა უწოდა.

აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

ვინ არის სერგეი გავრილოვი, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები