საქართველო-რუსეთი

თბილისში მყოფ რუს დეპუტატ ჩეპას სურს, რომ "ყველა ქვეყანა საბჭოთა კავშირში დაბრუნდეს"

interkomitet

20 ივნისს თბილისში ჩამოსულმა რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსეი ჩეპამ განაცხადა, რომ ყველა ქვეყნის გაერთიანება და საბჭოთა კავშირში დაბრუნება სურს.

"მე ვისურვებდი, რომ ყველა ქვეყანა გაერთიანებულიყო და საბჭოთა კავშირში დაბრუნებულიყო, მე ვისურვებდი" - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საქართველოს წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ალექსეი ჩეპა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის თემებზე ერთერთი მთავარი სპიკერია.

"რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჩეპა აქტიურად გამოდის, რუსეთიდან 2006 წელს მასიურად გამოძევებული ქართველების საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გამოძევებულთათვის კომპენსაციის გადახდის წინააღმდეგ. ალექსეი ჩეპა ასევე აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ოკუპირებულ დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას." - თქვა კანდელაკმა.

თბილისში მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. 20 ივნისს, ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს და სხდომა ჩაიშალა.

კომენტარები