პრორუსული ჯგუფები

ვასაძე გამოკითხვაზე მიდის და ხალხს მოუწოდებს, ვერის ბაღში მივიდნენ

ლევან ვასაძე
ტაბულა

პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიციის სამმართველოში მიდის. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ ვასაძემ ვერის ბაღში ისაუბრა და ხალხს იქ მისვლისკენ მოუწოდა. 

ვასაძე სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, რაც უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანებას გულისხმობს. 

ცნობისთვის, ჰომოფობიური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დღეს დააკავეს.

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, 16 ივნისს "მხოლოდ ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ჩაშლას. 

ამ შეხვედრაზე ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანაბენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. 

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს, რადგან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირობა მიიღეს. თუმცა, მეორე დღეს, 18 ივნისს ვასაძემ სიძულვილითა და ჰომოფობიით სავსე კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მისი დაჯგუფებები მზადყოფნაში არიან და თუკი პრაიდი "რამეს დააპირებს", გააკეთებს იმას, რაც ვერის ბაღში დაიგეგმა. 

თბილისი პრაიდი 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის, ღირსების მარშს.

კომენტარები