მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა

კობახიძე გავრილოვზე: როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, "ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვიხილეთ". ამის შესახებ, ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ბაქოში უთხრა.

"რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც იყო ძალიან მძიმე სანახავი.

სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება იქიდან გამომდინარე, რომ არ ვარ საქართველოში, არ ვიყავი იმ მომენტში საქართველოში. შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არდაშვება. ასეთი იყო მოვლენების განვითარება.

კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ამაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როცა ვმონაწილეობდი სესიის გახსნაში. იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, არა აქვს არანაირი საერთო არც ქრისტიანობასთან და არც მართლმადიდებლობასთან და ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო აბსოლუტურად მიუღებელი“, - განაცხადა კობახიძემ ცნობით.

გადაწყვეტილება, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდება, მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს. ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ სიტყვიერი დაპირისპირებები უძღოდა.

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძის თქმით კი, მოულოდნელი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა და "ეს პარლამენტის შეცდომაა, რომელიც აღარ და ვეღარ დაიშვება". განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმაც და მომხდარს პროტოკოლური შეცდომა უწოდა.

აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

გუშინ 19 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა სერგეი გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს.

ვინ არის სერგეი გავრილოვი, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები