მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეა

კალაძე: მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, დაუშვებელია, რაც პარლამენტში ხდება

თბილისის მერია

"ალბათ, წინასწარ უნდა გვეფიქრა, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში" - თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვისას პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის ფარგლებში რუსი დეპუტატების სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

„მინდა, შევეხო პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს. მე, როგორც ქალაქის მერი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, პირდაპირ გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც პარლამენტში ხდება. ვფიქრობ, მოგვიანებით გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე, თუმცა წინასწარ უნდა გვეფიქრა იმაზე, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მოვითხოვ, დაუყონებლივ შეწყდეს სხდომა. ქართველები ვართ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, პატრიოტები ვართ, ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ამ დროს მგონია, რომ არ არის მისაღები ის, რაც დღეს ხდება. რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გადაწყვეტილება, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდება, მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს. ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ სიტყვიერი დაპირისპირებები უძღოდა.

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძის თქმით კი, მოულოდნელი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა და "ეს პარლამენტის შეცდომაა, რომელიც აღარ და ვეღარ დაიშვება". განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმაც და მომხდარს პროტოკოლური შეცდომა უწოდა.

აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

გუშინ 19 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა სერგეი გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს.

ვინ არის სერგეი გავრილოვი, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები