მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა

ქუცნაშვილი: ჯობდა, სხდომისთვის სხვა ადგილი შეგვერჩია, კარგად ვერ გავთვალეთ, ჩვენი ბრალია

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, ჯობდა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომისთვის სხვა ადგილი შეერჩიათ. ამის შესახებ ქუცნაშვილმა პარლამენტში განაცხადა და ბოდიში მოუხადა ასამბლეის სტუმრებს.

"დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარად ჩანს, რომ ჯობდა, ამ სხდომისთვის სხვა ადგილი შერჩეულიყო, შესაბამისად, არ იყო კარგად გათვლილი. ალბათ, ჩვენი ბრალია, რომ ეს რისკი ვერ გავთვალეთ ბოლომდე, იმ ჯგუფმა, ვინც ვიყავით საორგანიზაციო საქმეებში ჩართულნი. ამიტომ, ბოდიშს ვუხდი ყველა დელეგატს, რომელიც აქ იმყოფება სხვადასხვა ქვეყნიდან. ასამბლეა სხვა ადგილას გააგრძელებს მუშაობას" - თქვა ქუცნაშვილმა.

გადაწყვეტილება, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა პარლამენტში აღარ გაგრძელდება, მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს. ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ სიტყვიერი დაპირისპირებები უძღოდა.

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძის თქმით კი, მოულოდნელი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა და "ეს პარლამენტის შეცდომაა, რომელიც აღარ და ვეღარ დაიშვება". 

გუშინ 19 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს.

გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

ვინ არის სერგეი გავრილოვი, წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები