მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომა

კილაძე გავრილოვზე: ვინც ეს დაუშვა, უნდა დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი სოფო კილაძე ამბობს, რომ უნდა გაირკვეს, ვინ დაუშვა რუსი დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჯდომა და მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.  

"ყველაზე საშინელ კოშმარშიც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებდა. სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სულები ალბათ ადგილს ვერ პოულობენ. გეგმა ეს არ იყო თავიდან განსაზღვრული. სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დაუშვა ეს და დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი",- წერს კილაძე facebook-ზე

მანამდე ეს ფაქტი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემაც დაგმეს. . 

თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გავრილოვს გუშინ, 19 ივნისს, პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. 

გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია. 

რუსი დეპუტატის ვიზიტს ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია. დღეს, 20 ივნისს, მათ გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაგიდასთან დაჯდომის საშუალება არ მისცეს. პროტესტი ამ წუთებშიც გრძელდება. 

პარალელურად, პარლამენტის შენობაში იმყოფებიან მოქალაქეებიც, რომლებიც ასევე აპროტესტებენ რუსი დეპუტატის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნას. 

ცნობისთვის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა პარლამენტში აღარ გაგრძელდება.

 

კომენტარები