ლგბტ კვირეული

ნათია მეზვრიშვილი: იმუნიტეტით ვერავინ ისარგებლებს, რეაგირება იქნება მკაცრი!

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ლევან ვასაძის გუშინდელი მოწოდებების შესახებ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე რეაგირება უკვე მოახდინა და გამოძიება დაიწყო უკანონო ფორმირების მუხლით.

მისი თქმით, სამინისტრო ატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს. შეფასდება კონკრეტული პირის და პირების ქმედებები და მიეცემა სათანადო სამართლებრივი შეფასება.

"იმუნიტეტით ამ ქვეყანაში ვერავინ ისარგებლებს, მით უმეტეს როდესაც ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას და შინაგან საქმეთა სამინსიტროს კანონდარღვევებზე აქვს ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება ამ საკითხს, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც კანონს არღვევენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო უწყებების მსგავსი ფუნქციები რაიმე ტიპის ე.წ. ფორმირებების და წარმონაქმნების შექმნის ნებისმიერი მცდელობა, ისევე როგორც ამ ტიპის ფორმირებების ხელმძღვანელობა, ამ ტიპის ფორმირებებში გაწევრიანება ისჯება კანონით და უფრო მეტიც, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. შესაბამისად, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე რეაგირება უკვე მოახდინა. დღეს დილით გამოძიება დავიწყეთ უკანონო ფორმირების მუხლით",- თქვა მან. 

მისივე თქმით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქცია ამ ქვეყანაში, არის მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოების კომპეტენცია და არავის, არც ერთ სხვა დაჯგუფებას თუ ფორმირებას, ამ ფუნქციების შესრულების უფლებამოსილება არ გააჩნია. სამართალდამცველი ორგანოები და ზოგადად სახელმწიფო ამას არ დაუშვებს.

"კიდევ ერთხელ, ვაცხადებ, ისჯება როგორც შექმნა, ისე შექმნის მცდელობა, მისი ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ამიტომ, სანამ ადამიანები კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, სანამ ადამიანები კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებს განახორციელებენ, ნებისმიერი ჯგუფის მიმართ სამინისტროს ექნება ადეკვატური რეაქცია. ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის დანაშაულის ჩამდენი, განურჩევლად მათ რელიგიური კუთვნილებისა, სექსუალური ორიენტაციისა, პოლიტიკური შეხედულებისა თუ სხვა ნიშნისა. გამოძიების შედეგები უნდა ვიხილოთ გონივრულ ვადებში, რაც როგორც წესი ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებას დრო სჭირდება. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამ ყველაფერში და ამ ყველაფერს ბუნებრივია სჭირდება შესაბამისი დრო." - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, 16 ივნისს ვერის პარკში ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით "ნამდვილი კაცები" იმისთვის შეიკრიბნენ, რომ სიძულვილის ჯგუფებს ერთად დაეგეგმათ, თუ რა ფორმით ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდს. ვასაძემ თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან. სიძულვილის ჯგუფის ორგანიზატორი პოლიციასაც დაემუქრა. მისი თქმით, სამართალდამცველები ვეღარ შეძლებენ მათი წევრების დაკავებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო რაზმების პატრულირების შესახებ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. 

კომენტარები