17 მაისი

რუსუდან გოცირიძე: 17 მაისი ყოველდღე მეორდება, ის აგრესია და სიძულვილი არსად წასულა

ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, რას ფიქრობთ რა მოხდება, თუკი 17 მაისი განმეორდაო...

მე მგონია, 17 მაისი ყოველ დღე მეორდება. ის აგრესია და სიძულვილი, რომელიც მაშინ ერთ მოედანზე კონცენტრირდა და კარგად გამოჩნდა, არსად წასულა. ის, ხან წუხანდელივით მოგროვდება და ხან ასე, თითო-თითო ადამიანად დაიარება ჩვენი ქვეყნის ქუჩებში, ზის ჩვენს სუფრებზე, ასწავლის ჩვენს შვილებს სკოლებში, მკურნალობს ჩვენს პაციენტებს საავადმყოფოებში, ქადაგებს ტაძარში, მეჩეთში, სინაგოგაში და წყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს საპარლამენტო დარბაზებსა, თუ მუნიციპალიტეტებში.

17 მაისი მეორდება ყოველ დღე და მშვენივრად ვართ. არ გვაღელვებს, რომ ვიღაცას სიცოცხლის რისკის ფასად უწევს სახლიდან გამოსვლა, ვიღაცას სახლიც აღარ აქვს, იმიტომ, რომ საყვარელმა ადამიანებმა გამოაგდეს და მოიშორეს.

სოდომი და გომორა მართლა მახსენდება ამ მოვლენებისას. ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი ლოტის ოჯახის ირგვლივ დატრიალებულ მოვლენებს. ოღონდაც, დიდი ფანტაზია და ჩაღრმავებები არაა საჭირო, რომ მიხვდე დღევანდელ ვითარებაში ვინ რომელ ბიბლიურ პერსონაჟს ჰგავს, რომელი მხარე მოგაგონებთ გავეშებულ, მოძალადე ბრობოს.

P.S. არა და, გუშინ პატარა ცოტნეს პირველ კონცერტს ვესწრებოდი და მეგონა, სამყარო ყვაოდა და ხარობდა. მეგონა, რომ სადაც ეს საოცარი ბავშვი გაჩნდა, როგორ შეიძლება ახლო-მახლოში არსებობდეს სიძულვილი, ძალადობა, მტრობა...

წერს ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე

კომენტარები