თაღლითობა

სუს: დავაკავეთ პირი, რომელიც თურქ ბიზნესმენს ტვირთის განბაჟებას თანხის სანაცვლოდ პირდებოდა

სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. დაკავებული მინადორა დ. თურქ ბიზნესმენს არწმუნებდა, რომ ფულის გადახდის შემთხვევაში დააჩქარებდა მისი ტვირთის განბაჟებასთან დაკავშირებულ პროცედურას, რაზეც დაითანხმა და 14 ივნისს წინასწარ გამოართვა 6 000 ლარი. სწორედ ამ დროს დააკავეს სუს-ის თანამშრომლებმა. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ საქართველოში დარღვევით შემოიტანა სხვადასხვა სახის საქონელი, რის გამოც საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაიწყო კანონით გათვალისწინებული პროცედურები-ტვირთის დათვალიერება და თანმხლებ დოკუმენტაციასთან შედარება. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა მინადორა დ-სთვის, რომელმაც განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა თურქი ბიზნესმენის თანხას. ამ მიზნით დაუკავშირდა მას და არწმუნებდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნებისთვის 13 000 ლარის გადახდის შემთხვევაში დააჩქარებდა საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებულ პროცედურებს და ტვირთის მესაკუთრისთვის დაბრუნებას," - წერია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე).

კომენტარები