ლგბტ კვირეული

მამაკაცი, რომელმაც ტვ პირველის ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია

14 ივნისს აქციაზე "სად ხარ სახელმწიფოვ" ტვ პირველის ჟურნალისტ სესილი ბოკერიას პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დამნაშავე უკვე დაკავებულია.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი იდენტიფიცირებულია და ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მუხლით დააკავეს ის.

ტვ პირველის ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტია ასახული. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარება არ დაუშვას. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი, კანცელარიასთან ფაშისტური ჯგუფები დახვდათ.

ამის შემდეგ, პოლიციამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი "განარიდა" და ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერები აღარ შეუშვეს. "უსაფრთხოების მიზნით", LGBT პრაიდის კვირეულის აქტივისტებს კიბეებთან მოუწიათ აქციის ჩატარება. 

კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და Tbilisi Pride-ის მხარდამჭერებთან მისვლა სცადეს, რა დროსაც, 4 მათგანი დააკავეს. კონტრაქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლის დარღვევას (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) ედავებიან.

კომენტარები