ფალავანდიშვილი: არ არის გამორიცხული, ჩვენ თვითონ დავშალოთ LGBT პრაიდის მხარდამჭერთა აქცია

IPN

ფაშისტური ჯგუფის წარმომადგენლის გურამ ფალავანდიშვილი არ გამორიცხავს, თავად დაშალონ თბილისი პრაიდის აქტივისტების აქცია.

"ვაპირებთ, სანამ ესენი არ დაიშლებიან, აქ ვიყოთ და არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ თვითონ დავშალოთ ეს აქცია, თუ პოლიცია მათ ასეთ კორდონს შეუქმნის და თუნდაც კიბეებზე დატოვებს პროვოკატორებს, რომლებიც მაღლა სწევენ თავის პლაკატებს და გადასცემენ უცხოეთში, თუ როგორც ჩაგრავენ თავიანთ ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, როგორი სიტუაციაა, შენს შვილს რომ აუპატიურებდნენ შენს სახლში, ეგეთი აღქმაა, როცა შენს ქალაქში გამოდიხარ და ამას ქადაგებ, მათი მიზანია ჩვენი სულიერი გაუპატიურება, სულიერიც და ფიზიკურიც" - ამბობს ფალავანდიშვილი.

მთავრობის კანცელარიის კიბეებთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერთა აქცია გრძელდება. ისინი კონტრაქციის მონაწილეებისგან კვლავ პოლიციის კორდონით არიან გამოყოფილები. ფაშისტური ჯგუფების კონტრაქცია კანცელარიის შენობასთან მიმდინარეობს.

კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და Tbilisi Pride-ის მხარდამჭერებთან მისვლა სცადეს, რა დროსაც, 4 მათგანი დააკავეს. კონტრაქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლის დარღვევას (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) ედავებიან.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარება არ დაუშვას. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი, კანცელარიასთან ფაშისტური ჯგუფები დახვდათ.

ამის შემდეგ, პოლიციამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი "განარიდა" და ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერები აღარ შეუშვეს. "უსაფრთხოების მიზნით", LGBT პრაიდის კვირეულის აქტივისტებს კიბეებთან მოუწიათ აქციის ჩატარება. 

თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარის თქმით, აქციის მონაწილეები არ აპირებენ მთავრობის კანცელარიის ტერიტორიიდან ყვითელი ავტობუსებით გასვლას.

"ალყაში ვართ ორივე მხრიდან. კიდევ ერთხელ.

1) ველოდებით ხელისუფლების განცხადებებს. დაიგმოს ძალადობა და აიღონ პასუხისმგებლობა მშვიდობიანი შეკრების უზრუნველყოფაზე.

2) არ ვაპირებთ აქედან მორიგ ჯერზე ყვითელი ავტობუსებით გასვლას! პოლიციას შეუძლია უზრუნველყოს ფაშისტური ჯგუფების გაყვანა ამ მეთოდით!

#პრაიდიიქნება" - წერს თაბაგარი Facebook-ზე.

კომენტარები