საქართველოს რესპუბლიკური პარტია

რესპუბლიკელები Pride-ზე ხელისუფლებას: ულტიმატუმის ენაზე მკაცრი პასუხი გაეცით საპატრიარქოს

Tbilisi Pride

საქართველოს რესპუბლიკური პარტია 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

პარტიის თქმით, საპატრიარქოს მიერ დღეს გაკეთებული განცხადება ძალადობის, ჩაგვრისა და ადამიანის დევნის პირდაპირი დადასტურებაა და ამასთან, საპატრიარქო ულტიმატუმის ენით ელაპარაკება ხელისუფლებას, რომელიც კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი უნდა იყოს. 

"განცხადების უკან მდგომი ცალკეული “ტაბურეტკიანი” სასულიერო პირები სეკულარული სახელმწიფოსთვის სრულიად დაუშვებელი ფორმებით ცდილობენ მიითვისონ ის ფუნქციები რაც სასულიერო ხელისუფლებას არ ეკუთვნის, არ ეკუთვნოდა და არც მიეკუთვნება არასოდეს.

დღეს, როგორც არასდროს, ხელისუფლებას, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, აკისრია პასუხისმგებლობა იმოქმედოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით, უზრუნველეყოს ლგბტქ ადამიანების მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, რადგან სახელმწიფოს, რომელიც ვერ იცავს მოქალაქეთა ერთ ჯგუფს, ვერასოდეს ექნება პრეტენზია იმაზე, რომ მას საერთოდ შესწევს უნარი დაიცვას ადამიანის უფლებები, ჰქონდეს პრეტენზია იყოს ცივილიზებული ევროპული ოჯახის წევრი, იყოს ღირსეული პარტნიორი ჩვენი ქვეყნის მოკავშირე სახელმწიფოების,"- წერია განცხადებაში. 

რესპუბლიკური პარტია პრემიერმინისტრს, პრეზიდენტსა და პოლიტიკური პარტიის ლიდერებს მოუწოდებენ, გააკეთონ მკაფიო განცხადებები, რომელიც საპატრიარქოს მკაცრ პასუხს გასცემს და მსოფლიოსა და ჩვენს საზოგადოებას თითოეული ადამიანის უფლების დაცვის მზაობას აჩვენებს. 

"ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო ამ საკითხშიც გახდება აშშ პარტნიორი და შეურთდება დონალდ ტრამპის კამპანიას, რომლის მიზანი მთელს მსოფლიოში ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვა.

ამავდროულად, მოვითხოვთ, გატარდეს ყველა ღონისძიება 18-23 ივნისს თბილისი პრაიდის უსაფრთხოდ და მშვიდობიანად ჩასატარებლად,"- წერია პარტიის განცხადებაში. 

საქართველოს საპატრიარქომ დღეს 18-23 ივნისს დაგეგმილი LGBT პრაიდის კვირეულის შესახებ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვან ღონისძიების ჩატარება.

"ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს.

ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში.

სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ, თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული.

როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს, თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის  ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა.

ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა, დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.  

ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული ჩატარდება. მას ორგანიზებას ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" გაუწევს. 

31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ლგბტქ აქტივისტებმა თქვეს, რომ 30 მაისს, შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მათ შესთავაზეს ღირსების მარშის დახურულ სივრცეში გადატანა. ორგანიზატორებმა თქვეს, რომ შეხვედრაზე სამუშაო ფორმატისთვის მომზადებულები მივიდნენ, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლები დიალოგში არ შევიდნენ და უთხრეს, რომ მათ დაცვას ვერ შეძლებდნენ.

ამასთან, მათი თქმით, შსს-სთვის წარდგენილ მარშრუტებს შორის არ იყო ისეთი ადგილები, სადაც უმეტესად იმართება აქციები - რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის ტერიტორია და მთავრობის კანცელარია.

მიუხედავად ამისა, ლგბტ პრაიდის ორგანიზატორების თქმით, ისინი მარშის გამართვას მაინც შეეცდებიან.

კომენტარები